საქპატენტი ტრანს-კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმს მასპინძლობს
29 ივლისი 2022 წ.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში 28 ივლისს გაიმართა ტრანს - კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს, სომხეთის, მოლდოვის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და თურქმენეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლები. წარმომადგენლობითი შეხვედრის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP).
ინტელექტუალური საკუთრების ფორუმი გახსნა საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ. ასევე, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა CLDP-ის უფროსმა მრჩეველმა ნამდი ეზერამ.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გლობალური და რეგიონული გამოწვევები და მიღწევები, ასევე, მიმოიხილეს კონტრაფაქციასთან ბრძოლის სასაზღვრო ღონისძიებები. გარდა ამისა, შეხვედრაზე განისაზღვრა საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბების პოტენციალი და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმა.
ინტელექტუალური საკუთრების ფორუმი რიგით მესამე ღონისძიებაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების კვირეულში. საქპატენტმა CLDP-ის მხარდაჭერით ბათუმში უკვე უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას, 30-31 ივლისს კი გაიმართება მრგვალი მაგიდა - "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით აშშ-ს გამოცდილების გაზიარება ქართველი მოსამართლეებისთვის.
