საქპატენტსა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სატყეო პოლიტიკის სამინისტროს „ICQRF“-ის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
05 აგვისტო 2022 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს -„საქპატენტს“ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის დაცვისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ინსპექტორატის დეპარტამენტს (ICQRF) შორის დისტანციურ რეჟიმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ და ICQRF-ის ხელმძღვანელმა, ფელიჩე ასსენცამ, ითვალისწინებს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და უწყებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები დააფუძნებენ ინფორმაციის გაცვლის მუდმივ არხს, რათა ხელი შეუწყონ გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული საქონლით არაკეთილსინდისიერი ვაჭრობის მავნე პრაქტიკის აღკვეთას.
მემორანდუმით ასევე, გათვალისწინებულია ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნა, კონფერენციებისა თუ სასწავლო პროგრამების მოწყობა. ამასთან, პირდაპირი კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით, შესაძლებელი იქნება საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმებულად მოგვარება და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება.
საგულისხმოა, რომ საქპატენტსა და ICQRF-ს შორის მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის ,,საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და კონტროლის სისტემის ეფექტური დანერგვა“ განხორციელების ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობდა 2019-2021 წლებში.

