საქპატენტს საქმიანი ვიზიტით აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეწვია
15 აგვისტო 2022 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ესტუმრა და უწყების ხელმძღვანელობასთან საქმიანი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების მნიშვნელობას ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით, აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლების, ინტელექტუალური საკუთრების დარგის პოპულარიზაციის მიზნით, ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები და ინიციატივები. მათ შორის, აღინიშნა USAID-ის მხარდაჭერით შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების საქმისწარმოების ელექტრონული მართვის სისტემა; USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამებთან მიმდინარე პროექტები, რომელიც ეხება ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ საკანონმდებლო სიახლეების დანერგვისა და აღსრულების ხელშეწყობის საკითხებს.
ასევე, ხაზი გაესვა აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP) ერთობლივად ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციების - ,,საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ" და მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობას და USPTO-სთან თანამშრომლობის საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს, საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ, საქპატენტის სახელით, ამერიკის ელჩს მადლობა გადაუხადა ვიზიტისა და საქპატენტთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ, კელი დეგნანმა, ხაზი გაუსვა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და სისტემის შემდგომი განვითარების მიზნით, საქპატენტთან პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებისა და შესაბამისი პროგრამების მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.
