დარენ ტანგი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ესტუმრა
12 ოქტომბერი 2022 წ.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, პირველად ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, დარენ ტანგი, რომელიც გახსნის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას - „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“.
ვიზიტის ფარგლებში, WIPO-ს გენერალური დირექტორი, დარენ ტანგი ესტუმრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სადაც შეხვდა მის ხემლძღვანელს, ავთანდილ კასრაძეს და გაეცნო GITA -ს საქმიანობას.
სააგენტო (GITA) მონაწილეობს კერძო და საჯარო სექტორების ცოდნის, ინოვაციისა და კვლევის შედეგების კომერციალიზაციაში და საინოვაციო მეწარმეობის ხელშეწყობაში, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს საქპატენტთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საქმეში. საქპატენტის ექსპერტები კონსულტაციებს უწევენ დაინტერესებულ პირებს, აფასებენ პროექტების პატენტუნარიანობას, სტარტაპერებისთვის ატარებენ ტრენინგებს გამოგონების დაცვის მიმართულებით და აქტიურად ერთვებიან სააგენტოს მიერ გამართულ ღონისძიებებში. საინოვაციო საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია ახალი გზების ძიება სხვადასხვა ჯგუფის წვდომისთვის, მცირე თუ საშუალო საწარმოების, ქალების ჩართულობით, რომლებსაც ხშირად არ აქვთ წვდომის შესაძლებლობა ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემაში. დარენ ტანგი GITA-ში შეხვდა ასევე სტარტაპერებს და მათთან დისკუსიის ფორმატში ისაუბრა საინოვაციო საქმიანობაში ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობაზე.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყებაა, რომელიც აერთიანებს 193 წევრ სახელმწიფოს. საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან.

