საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია - „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“ იმართება
12 ოქტომბერი 2022 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქპატენტის ორგანიზებითა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით, იმართება საერთაშორისო კონფერენცია - „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“, რომელიც საზეიმოდ გახსნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურმა დირექტორმა, დარენ ტანგმა.
“მინდა მადლობა გადავუხადო საქპატენტს WIPO-სთან თანამშრომლობისათვის ამ ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებით. განვლილი 30 წლის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდა, გახდა უფრო მრავალფეროვანი და მტკიცე. მადლიერებას გამოვხატავთ პარტნიორობისათვის და მოუთმენლად ველით თქვენთან ერთად მუშაობის გაგრძელებას იმისათვის, რომ ინტელექტუალური საკუთრება გახდეს ზრდისა და განვითარების ძლიერი კატალიზატორი და შესაძლებლობა საქართველოსა და მსოფლიოსათვის. საქართველო დიდი ხანია ლიდერია ინტელექტუალური საკუთრების განათლების სფეროში და მოხარული ვართ, რომ საქპატენტი თავის გამოცდილებას გაგიზიარებთ ამ ღონისძიების ფარგლებში. WIPO-ს აკადემიასთან საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად საქპატენტთან შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრი. მინდა მივულოცო საქართველოს, რომ აკადემიის კურსებში მონაწილე ქალთა რაოდენობით უსწრებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას. ეს სასახელოა დიდი თამარის ქვეყნისათვის.”- განაცხადა დარენ ტანგმა.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე - პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა - „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა აჩქარებს ეკონომიკური განვითარების პროცესს, ქმნის მრეწველობის ახალ დარგებსა და სამუშაო ადგილებს, აუმჯობესებს ცხოვრების პირობების ხარისხსა და დონეს, ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, დამატებითი რესურსების გამოვლენას და სტიმულს აძლევს შემდგომ ინოვაციებს. დღეს საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ინტელექტუალური პოტენციალი წარმოადგენს კონკურენტებთან უპირატესობის მიღწევის, ახალ ბაზრებზე შეღწევის და მდგრადი განვითარების ძირითად გარანტს. სწორედ ამით აიხსნება ის დიდი მნიშვნელობა, რასაც თანამედროვე მსოფლიო ანიჭებს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის არსებობას და მის ეფექტურ ფუნქციონირებას“.
მანანა ფრუიძემ მიმართვაში მადლობა გადაუხადა WIPO -ს გენერალურ დირექტორს საქართველოში სტუმრობისთვის და იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც WIPO წლების განმავლობაში უწევს საქპატენტს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების გზაზე. მან, ასევე,, ხაზი გაუსვა აღნიშნული საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას, რაც მეტად წარმოაჩენს ინტელექტუალური საკუთრების უწყებების მზარდ როლს ქვეყნების ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.
ორდღიანი კონფერენციის მიმდინარეობისას, მონაწილეები განიხილავენ ეროვნული ინოვაციური სისტემის განვითარებაში ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ჩართულობის მნიშვნელობას, ყურადღება გამახვილდება იმ დამატებითი მომსახურებებით უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და საინოვაციო საქმიანობის მხარდაჭერის საკითხებზე, რაც აქტიურად ინერგება განვითარებული ქვეყნების მიერ. იმსჯელებენ ინოვაციასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შესახებ, უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული ქმედებების კოორდინაციაში ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლზე. კონფერენცია მიზნად ისახავს, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ახალი როლის განსაზღვრას და ამ მიმართულებით მათი პრაქტიკული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში ინტელექტუალური საკუთრების უწყებების უფრო აქტიურ და ქმედით მონაწილეობას.
ღონისძიებას WIPO-ს ხელმძღვანელთან ერთად ესწრებიან მოწვეული უცხოელი სტუმრები 17 ქვეყნიდან, მათ შორის WIPO-ს დელეგაციის წევრები, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების ხელმძღვანელები და ექსპერტები. ასევე, საქართველოს სამთავრობო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
