ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ხელმძღვანელი დარენ ტანგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა
12 ოქტომბერი 2022 წ.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი, დარენ ტანგი. ვიზიტის ფარგლებში WIPO-ს ხელმძღვანელი შეხვდა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, სადაც მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა და WIPO-ს საქპატენტთან მრავალწლიანი თანამშრომლობით, მისი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით საქართველომ ამ დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც განაპირობებს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიან დაცვას.
საქპატენტის WIPO-სთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში შესაძლებელი გახდა ინტელექტუალური საკუთრების ადმინისტრირება და სამართლებრივი დაცვა, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარება, ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შემუშავება და საინოვაციო საქმიანობის ხელშეწყობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს WIPO-სთან თანამშრომლობის რიგ გრძელვადიან ინიციატივებსა და მათი განხორციელების პერსპექტივებზე, მათ შორის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მიმართულებით საქმიანობის შემდგომ გაფართოებასა და გლობალური საერთაშორისო პლატფორმის შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია(WIPO) გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყებაა, რომელიც აერთიანებს 193 წევრ სახელმწიფოს. საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან.

