საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი, დარენ ტანგი. ვიზიტის ფარგლებში WIPO-ს ხელმძღვანელმა საქმიანი შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, მიხეილ ჩხენკელთან, სადაც საუბარი შეეხო განათლების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებსა და ამ მიმართულებით, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მნიშვნელოვან როლზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებაში, რომლის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით საქართველოში განხორციელდა საგანმანათლებლო, თუ ინოვაციური საქმიანობის განვითარებისკენ მიმართული გლობალური პროგრამები. საუბრისას აღინიშნა ამ პროცესებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური მონაწილეობა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტთან“ და ახორციელებს ერთობლივ პროექტებს, მათ შორის ინოვაციების პოპულარიზაციის მიმართულებით.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – „საქპატენტისა“ და WIPO-ს აქტიური თანამშრომლობით.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ხელშეწყობით საქპატენტის ბაზაზე შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრი, რომელიც ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის ტრენინგებს, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს. WIPO-ს ჩართულობით დაიგეგმა და განხორციელდა ქართველ ტრენერთა სწავლება, რაც ემსახურება საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერთა ბაზის გაძლიერებას, ასევე ითარგმნა WIPO-ს აკადემიის დისტანციური სწავლების უფასო კურსი DL101GE, რომელსაც უძღვებიან WIPO-ს მიერ გადამზადებული საქპატენტის ტუტორები. კურსი წარმატებით გაიარა 1250-მდე დაინტერესებულმა პირმა. ასევე, WIPO-ს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP), რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მოხელეებს ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მისცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე, WIPO-ს გარდამავალი ეკონომიკისა და განვითარებული ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ჰაბიპ ასანი, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყებაა, რომელიც აერთიანებს 193 წევრ სახელმწიფოს. საქართველო WIPO-ს წევრი 1991 წელს გახდა.