WIPO-ს ხელმძღვანელი დარენ ტანგი საქპატენტს ესტუმრა
14 ოქტომბერი 2022 წ.
„ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) როგორც დღეს, ასევე მომავალშიც იქნება საქპატენტის ურყევი მოკავშირე და პარტნიორი ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით, რადგან ჩვენ ერთად ვმუშაობთ ინტელექტუალური საკუთრების როლის ზრდასა და განვითარების უზრუნველყოფაზე, როგორც საინოვაციო გარემოს ძლიერ კატალიზატორზე საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ...
ჩვენ გავზრდით თანამშრომლობას რიგ სფეროებში, მათ შორის დავების ალტერნატიული გადაწყვეტისა და მცირე და საშუალო ბიზნესის, სტუდენტების, სტარტაპების, მოსამართლეებისა და მეწარმე ქალებისთვის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბების კუთხით. სწორედ WIPO -ს აკადემიასთან საქპატენტის მჭიდრო ურთიერთობამ ხელი შეუწყო 2016 წელს საქპატენტის სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებას და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, როგორიცაა საქპატენტის ტუტორების გადამზადება, გეოგრაფიულ აღნიშვნებზე პროფესიული განვითარების კურსი, ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.
...კიდევ ერთხელ, ჩვენ ვულოცავთ საქპატენტს 30 წლის იუბილეს და მადლობას ვუხდით საქპატენტის თანამშრომლებს ამ პერიოდში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის“- განაცხადა საქპატენტში სტუმრობისას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, დარენ ტანგმა უწყების თანამშრომლებისადმი მიძღვნილ მიმართვაში.
საქართველოში დარენ ტანგის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი საქპატენტის თანამშრომლებთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. WIPO-ს ხელმძღვანელმა ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების დარგში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეების დანერგვის შესაძლებლობებზე, ასევე, მან უპასუხა უწყების თანამშრომლების შეკითხვებს.
დარენ ტანგის საქპატენტში სტუმრობისას, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“ შორის: „ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის შესახებ“, რის შემდეგაც, გაიმართა ტანგის შეხვედრა საქპატენტის ხელმძღვანელობასთან, სადაც განიხილეს WIPO-სთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, მათ შორის ინტელექტუალურ საკუთრების სფეროში საქართველოში ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებისა და საქართველოში საინოვაციო საქმიანობის ხელშემწყობი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. ასევე, საუბარი შეეხო შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში ქალების ხელშეწყობასა და მათი როლის წარმოჩენას. განიხილეს ასევე, მომდევნო გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა.
საქპატენტში სტუმრობით დასრულდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის, დარენ ტანგის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დარენ ტანგმა გამართა მაღალი დონის შეხვედრები და დაესწრო საქპატენტის დაარსებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას -„ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“.
