ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში 2022 წელს 108 მასწავლებელი გადამზადდა
03 ნოემბერი 2022 წ.
საქპატენტის სასწავლო ცენტრში სკოლის მასწავლებლებისათვის განკუთვნილი მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა დასრულდა. პროგრამის ფარგლებში „ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიის “ დისტანციური კურსი, მიმდინარე წელს, 28 სკოლის 108 მასწავლებელმა გაიარა. ღონისძიების ორგანიზატორები „საქპატენტი“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) იყვნენ.
სასწავლო პროგრამა, ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლების შესწავლასთან ერთად, ქართულ ენაზე თარგმნილი სპეციალური სასწავლო მასალების გამოყენებით, პრაქტიკულ მეცადინეობასაც მოიცავდა. სწავლების მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად, მასწავლებლებს გადაეცათ სატრენინგო პაკეტი ქართულ ენაზე. პაკეტი შედგება გზამკვლევის, გაკვეთილების გეგმების, წიგნების, ბროშურების, სამაგიდო თამაშებისა და სხვა დამხმარე რესურსებისგან.
სატრენინგო პროგრამა დაფუძნებულია EUIPO-ს მასწავლებელთა სატრენინგო პაკეტის „ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლების" შინაარსზე. სპეციალური სასწავლო მასალების გამოყენებით მასწავლებლები შეძლებენ პრაქტიკული, სახალისო და მარტივი სავარჯიშოების შეთავაზებას მოსწავლეებისთვის. ინტელექტუალური საკუთრების ამ სახით სწავლება დანერგილია ევროკავშირში და ის შემოქმედებითი უნარის განვითარებასთან ერთად, ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდან უღრმავებს ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით.
აღნიშნული სასწავლო პროგრამა საქპატენტის სასწავლო ცენტრმა პირველად საპილოტე რეჟიმში 2021 წელს განახორციელა. შარშან პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩა რუსთავის, გორისა და თბილისის საჯარო სკოლების 12 მასწავლებელი. საერთო ჯამში კი, საქართველოს მასშტაბით 120 მასწავლებელი გადამზადდა, რომლებიც ამ ცოდნას 2000-მდე მოსწავლეს გაუზიარებენ.
სასწავლო აქტივობა განხორციელდა ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ერთ-ერთი კომპონენტის - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში“ ფარგლებში. კომპონენტის მიზანია საქართველოს საბაზისო განათლების სისტემაში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების დანერგვა.
EUGIPP წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტს, რომელიც 2020 წლის პირველი იანვრიდან მიმდინარეობს. მისი ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“, პროექტის განხორციელებას კი უზრუნველყოფს EUIPO. პროექტი სამწლიანია და მიმართულია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების ხელშეწყობისკენ.

