გეოგრაფიული აღნიშვნის „ჭაჭა“ საუკეთესო მწარმოებელ კომპანიად 2022 წელს „ჭაჭა ჰაუსი“ დასახელდა
05 ნოემბერი 2022 წ.
ტრადიციული „ჭაჭის ფესტივალი“, რომლის მხარდამჭერია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ორწლიანი პაუზის
შემდეგ აღდგა. დღეს, თელავში, კახეთის მხარის რვავე მუნიციპალიტეტის ფერმერების, გლეხების,
მცირე მარნებისა და კომპანიების მიერ წარმოებული
გეოგრაფიული აღნიშვნის „ჭაჭა“ გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა.
გეოგრაფიულ აღნიშვნად სახელის რეგისტრირებას საქართველოში საქპატენტი ახორციელებს. ინტელექტუალური საკუთრების ეს ობიექტი მიუთითებს
ადგილზე, რომელიც იქ წარმოშობილი პროდუქტის დამახასიათებელ თვისებებს განაპირობებს.
მისი დანიშნულებაა, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობასა და
იმ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან.
„ჭაჭის ფესტივალის“ გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა
მიიღო საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. მისასალმებელ სიტყვაში ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ “საქპატენტი ეტაპობრივად ახორციელებს პოტენციური გეოგრაფიული
აღნიშვნების გამოვლენას, ინვენტარიზაციას და სამართლებრივი დაცვიდან მიღებული სარგებლის
შეფასებას. ამ დროისთვის განსაზღვრულია და კვლევის პროცესშია კახეთის მხარის პოტენციური
გეოგრაფიული აღნიშვნები: გურჯაანის ატამი და მარწყვი, ყვარლის ნესვი, დედოფლისწყაროს
ხორბალი, მზესუმზირა და ქერი, თელავის ხახვი და ნიორი, იყალთოსა და კარდანახის ხიხვი,
კახური ღორი, ლაგოდეხის საზამთრო, გრემი და
ენისელი. სია როგორც ხედავთ გრძელია, მრავალფეროვანი და საქპატენტი თავის მხრივ არ დაიშურებს დროსა
და ენერგიას, რომ აღნიშნული პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნები
სხვების მსგავსად მალე გახდეს საერთო აქტივი მათ წარმოებაში და რეალიზაციაში ჩართული
სუბიექტებისთვის“.
ჭაჭის მწარმოებლების წახალისებისა
და ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ ღონისძიებაზე,
საქპატენტი
წარმოდგენილი იყო საექსპოზიციო სტენდით. ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები გაეცნენ
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციისა და დაცვის
მექანიზმებს, დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ საინფორმაციო მასალები. საქპატენტის წარმომადგენლებმა
ფესტივალზე ინტელექტუალური საკუთრების აღნიშნული ობიექტის შესახებ პროგრამით გათვალისწინებული
პრეზენტაციაც წარადგინეს.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ახმეტის, გურჯაანის,
დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების
საგამოფენო კუთხეებს, მათთვის დამახასიათებელი ეთნიკური ელემენტებით, ტრადიციებითა
და კულტურით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე გასტრონომიული კუთხეც. გაიმართა
ტრადიციული ქართული კერძების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის ფარგლებში კონკურსის წესით პროფესიონალი სომელიეებისაგან შემდგარმა
ჟიურიმ გამოავლინა მონაწილეებს შორის
ჭაჭის საუკეთესო დამამზადებლები. ოქროს მედალი გადაეცა
კომპანიას „ ჭაჭა ჰაუსი“, როგორც 2022 წლის, პროდუქტის საუკეთესო მწარმოებელ
კომპანიას. ნომინაციებისა და ადგილების
მიხედვით, სხვადასხვა მედლებითა და მოწმობებით დაჯილდოვდნენ კონკურსში მონაწილე სხვა
კომპანიები, მცირე მარნები, ფერმერები და გლეხები.
ყოველწლიური ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოში ჭაჭის და ზოგადად, გეოგრაფიული
აღნიშვნების პოპულარიზაციას, მათი საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა, ტურიზმის განვითარების
ასოციაციისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნულ ცენტრთან „საქპატენტთან“ ერთად, „ჭაჭის ფესტივალის“ მხარდამჭერები არიან: ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

