საქპატენტის თავმჯდომარემ კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა
18 ნოემბერი 2022 წ.
მეცნიერების პოპულარიზაციის, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით ორგანიზებული ყოველწლიური კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ დასრულდა. კონკურსი მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. კონკურსის ორგანიზატორია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ორგანიზატორთან ერთად, დაარსების დღიდან, საქპატენტი კონკურსის ერთგული მხარდამჭერია. ინტელექტუალური საკუთრების ცენტრის წარმომადგენელი საკონკურსო კომისიის მუდმივმოქმედი წევრია, რომელიც ახალგაზრდა გამომგონებლების მიერ წარმოდგენილ პროექტებს პატენტუნარანობის კრიტერიუმებით: სიახლით, საგამომგონებლო დონით და სამრეწველო გამოყენებადობით აფასებს. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სწორედ ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საქპატენტი ნებისმიერ გამოგონებაზე პატენტის გაცემის დროს.
2022 წლის კონკურსის გრანპრის მფლობელი გახდა პროექტი “Smart კონსულტანტი”, რომელმაც, ასევე, ყველაზე მეტად დააკმაყოფილა საქპატენტის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები. პროექტის გუნდის წევრები არიან: გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ღურჭუმელია, გორის N4 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა დიმიტრიადი და მარტვილის კერძო სკოლა "სხივის" მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა წოწორია. გამოგონება არის პროდუქტების ავტომატური აწონის დანადგარი, რომელსაც აქვს აპლიკაცია სასურველი წონის და თანხის შესახებ ინფორმაციის შესატანად. აღნიშნული მოწყობილობა კომფორტულს ხდის მომხმარებლისთვის ასაწონი პროდუქტებით ვაჭრობას და ერთი ღილაკის დაჭერით ასრულებს ხანგრძლივ და არაკომფორტულ პროცესს სუფთად, ასევე, ნაკლებ დროში. ნორჩ გამომგონებლებს კონკურსის მიმდინარეობის დროს მენტორობას უწევდნენ - ტოლია კილასონია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის STEM-ის მიმართულების ტრენერი და მარეხ მაზანაშვილი, გორის სასწავლო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სპეციალისტი. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გუნდის წევრებს ფასიანი საჩუქრები გადასცა.
„ლეონარდო და ვინჩის“ 2022 წლის პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდების წევრები. გამარჯვებულებს სერტიფიკატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ნუნუ მიცკევიჩთან ერთად გადასცა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი მომავალშიც განაგრძობს კონკურსის მხარდაჭერას.

