„საავტორო უფლებები ონლაინ“ - საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის მე-8 ფორუმის ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო
24 ნოემბერი 2022 წ.
ინტერნეტ სივრცეში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის მიზნით, ყოველწლიურ ფორუმზე „საქართველოს ინტერნეტ-მმართველობა“, შეიკრიბნენ საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საჯარო კონსულტაციებისა და დიალოგის ფორმატში მიმდინარე ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA). დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების დაცვის თემა. დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ფრუიძე. ფორუმი ოთხი დღის განმავლობაში ტექნოპარკში მიმდინარეობდა. მას მასპინძლობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC-Georgia).
ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „საავტორო უფლებები ონლაინ“ მონაწილეობდნენ საქპატენტის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების წარმომადგენლები. პანელზე განიხილეს და იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დაკავშირებულია ონლაინ მეკობრეობასთან და მისგან გამოწვეულ საფრთხეებთან. საუბარი შეეხო მეკობრეობასთან ბრძოლის დღეს არსებულ მექანიზმებს. აღინიშნა, რომ ონლაინ მეკობრეობა განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის კრეატიულ ინდუსტრიას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში და აუცილებელია ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც ეფექტიანს გახდის უფლებების მფლობელთათვის უფლებების დაცვასა და აღსრულებას.
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მანანა ფრუიძემ ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა: „საქპატენტი თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური მართვის და უსაფრთხოების პროგრამებთან, რომელთა მხარდაჭერით ახორციელებს მთელ რიგ ინიციატივებს და ცვლილებებს ონლაინ მეკობრეობის პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესებისა და ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიმართულებით. საქპატენტი გეგმავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ახალი, ე.წ. „შეტყობინება-აღების” (Notice-and-Takedown) მექანიზმის შემოღებას, რომლის პროექტიც შემუშავებულია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებასთან (EUIPO) თანამშრომლობის ფარგლებში. აღნიშნული მექანიზმი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთათვის წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას უფლებების აღსრულებისათვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ლეგალური კონტენტის მქონე პლატფორმების შექმნას და განვითარებას და ამ კუთხით, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.“
საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი ყოველწლიურად, 2015 წლიდან იმართება. ღონისძიება ხელს უწყობს ყველა აქტუალური საკითხის გარშემო მხარეებს შორის დიალოგს, მეტ ინფორმირებულობას, ჩართულობას და მისი მთავარი მიზანია, ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტ სივრცეში. ფორუმს ინსტიტუციურ პარტნიორობას უწევს ევროპის საბჭო, ასევე, მისი მხარდამჭერები არიან ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).
