გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის თემაზე თურქეთში რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა
29 ნოემბერი 2022 წ.
გეოგრაფიულ აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს ადგილზე, რომელიც იქ წარმოშობილი პროდუქტის დამახასიათებელ თვისებებს განაპირობებს, გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. ამ თემაზე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში სიმპოზიუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენელმა მიიღო.
რეგიონული შეხვედრის ორგანიზატორი იყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო
ორგანიზაცია (WIPO), თურქეთის
პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყებასთან „თურქპატენტან“, საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნულ ცენტრთან „საქპატენტის“ და აზერბაიჯანის ინტელექტუალური საკუთრების
უწყებასთან თანამშრომლობით. სიმპოზიუმზე, რომელიც 2022 წლის 24 და 25 ნოემბერს გაიმართა,
საქპატენტს წარმოადგენდნენ თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და გამოგონებისა და
ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია.
ნინო ჩიქოვანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა სიმპოზიუმის მონაწილეებს, სადაც ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას და აღნიშნა: „საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ეროვნული სისტემის განვითარებას, რაც განპირობებულია იმ ეკონომიკური სარგებლით, რომელსაც ეს სისტემა სთავაზობს ქვეყანას“. საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების,
არსებული პრაქტიკის და მიმდინარე ინიციატივების შესახებ. ასევე, ნინო
ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სიმპოზიუმის პანელურ დისკუსიაში. აღნიშნული ქვეყნების
ინტელექტუალური საკუთრების უწყებების წარმომადგენლებმა, სიმპოზიუმის მონაწილეებს გაუზიარეს
ინფორმაცია მწარმოებელთა ასოციაციების საქმიანობის შესახებ და განიხილეს წარმატებული
მაგალითები.
რეგიონულ შეხვედრაზე, დელეგატებმა განიხილეს გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეყნის
საზღვრებს გარეთ დაცვის სისტემა და მწარმოებლების მიერ მისი გამოყენების შესაძლებლობები.
გარდა ამისა, მსჯელობა გაიმართა გლობალიზაციის პირობებში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასა
და მის კოლექტიურ მართვაზე, ამ პროცესში მწარმოებელთა ასოციაციების როლსა და ფუნქციებზე.
სიმპოზიუმის დელეგატებმა ისაუბრეს გეოგრაფიული აღნიშვნების ხარისხის კონტროლის შესახებ და მიმოიხილეს კონტროლისა და სერტიფიცირების
სქემების წარმატებული პრაქტიკა.
ორდღიანი სიმპოზიუმის მუშაობაში, ორგანიზატორი უწყებების წარმომადგენლებთან
ერთად, მონაწილეობა მიიღეს უზბეკეთის, მოლდოვას, უნგრეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა
და სერბეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების დელეგატებმა. ღონისძიებას დაესწრო
ევროკომისიის, გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო ქსელის „ორიჯინი“ და გეოგრაფიული
აღნიშვნით დაცული პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციების წევრები. სიმპოზიუმის ფარგლებში
გაიმართა გამოფენა, სადაც მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყანაში დაცულ გეოგრაფიულ
აღნიშვნებს.

