საქპატენტის თავმჯდომარემ 2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი „WIBBA“ დააჯილდოვა
01 დეკემბერი 2022 წ.
უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი
ტექნოლოგიების შექმნის წახალისების მიზნით,
წელს მერვედ ჩატარდა „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“. აშშ-ს საელჩოს ფინანსური
მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით,
კონკურსს ყოველწლიურად ორგანიზებას უკეთებს ათასწლეულის ფონდი. კონკურსის მუდმივი და
აქტიური მხარდამჭერია საქპატენტი, რომელიც ყოველ წელს აჯილდოებს ფინალისტ გუნდებს და
უკვე მეორე წელია, მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული გუნდების
შერჩევაში.
კონკურსის გამარჯვებული გახდა გუნდი
„LIGGA“, რომელმაც წარმოადგინა პროექტი „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების
სისტემა“. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა გუნდმა “FIRELINK”, პროექტისთვის „მიკროტექნოლოგიასა
და სენსორებზე დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი სადგურების ქსელი ტყის ხანძრების ადრეული
მონიტორინგისთვის“. მესამე ადგილი კი მოიპოვა პროექტის „უნივერსალური მეგობარი სახლი“
შემქმნელმა გუნდმა „Mad Scientists“.
12 ფინალისტიდან საკუთარი რჩეული გამოავლინა
საქპატენტმა - გუნდი „WIBBA“, რომელმაც პელტიეს
ელემენტის გამოყენებით ჰაერის სტერილიზატორის პროექტი შექმნა. გუნდის წევრებს, ვლადიმერ
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მიხეილ დადიანს
და ნუცა თოთოსაშვილს, საერთაშორისო ქართული სკოლის (IGS) მოსწავლეს ნიკოლოზ დვალს,
თანამედროვე განათლების აკადემიის (CEA) მოსწავლეს ერეკლე ჯამრულიძეს და ნიუტონის თავისუფალი
სკოლის მოსწავლეს ანა მკერვალიშვილს, საქპატენტის თავმჯდომარემ ფასიანი საჩუქრები გადასცა.
გუნდის მიერ წარმოდგენილ აღწერილობაში მოცემული ინფორმაციის თანახმად, პროექტი დაფუძნებულია
გუნდის კვლევაზე, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ღია და დახურულ სივრცეებს შორის განსხვავდება
როგორც ფარდობითი, ასევე აბსოლუტური ტენიანობა. აქედან გამომდინარე, ჰაერი, რომელშიც ნისლი არ ჩანს (ანუ წვეთები არ ფანტავს
სინათლეს), მაინც შედგება მიკროსკოპულზე ნაკლები ზომის წყლის წვეთებისგან. პროექტის
მიზანია ბაქტერიების განადგურება ასეთი წვეთების აორთქლებითა და მიღებული ჰაერის ნარევის
გაცხელებით.
აღსანიშნავია, რომ ათასწლეულის ინოვაციის
კონკურსის ფინალისტი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიაში,
რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების ინტერესის
ამაღლებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართულებით.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, სადაც დღეისათვის 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. კონკურსზე დაიშვება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელები, რომლებიც წარადგენენ პროექტებს STEM დარგების ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: კოსმოსი და ავიაცია; კიბერ-ტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება; ჯანდაცვა და კვება; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები; რობოტექნიკა.

