ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის წარჩინებული სტუდენტები WIPO-ს აკადემიის სპეციალიზებულ პროგრამებს უსასყიდლოდ გაივლიან
09 დეკემბერი 2022 წ.
გაეროს სპეციალიზებული უწყების – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი წარმატებით დაასრულა 68 მონაწილემ. ფინალურ გამოცდაზე საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებს, კურსის გავლის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატებთან ერთად, საჩუქრები და სპეციალური ჯილდოები საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საზეიმო ღონისძიებაზე მყოფმა გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლმა გადასცეს. ღონისძიების სტუმრებსა და სტუდენტებს მიმართა WIPO-ს აკადემიის დისტანციური სწავლების მიმართულების წარმომადგენელმა კაროლინ შტორანმა.
აღსანიშნავია, რომ სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ, წარჩინებულ სტუდენტებს საქპატენტი WIPO-ს მხარდაჭერით შესაძლებლობას აძლევს უსასყიდლოდ გაიარონ WIPO-ს აკადემიის სპეციალიზებული სწავლების კურსები და პროფესიული ცოდნა მიიღონ როგორც სასაქონლო ნიშნების, დიზაინისა და გეოგრაფიული აღნიშვნების, ისე საავტორო უფლებების მიმართულებით.
WIPO-ს და საქპატენტის საგანმანათლებლო პროექტი „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ 2018 წლიდან ხორციელდება. აღნიშნული კურსის სასწავლო მასალები, რომლებიც 13 მოდულისგან შედგება, საქპატენტის მიერ ითარგმნა ქართულ ენაზე, შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან და ყველა დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ გახდა ხელმისაწვდომი. კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ აკრედიტებული ტუტორები – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები. პროექტი ხორციელდება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ამ დრომდე, 9 სესიის ფარგლებში, კურსზე დარეგისტრირდა 2881 პირი, რომელთაგან კურსი წარმატებით გაიარა 1249 სტუდენტმა. მომდევნო კურსი 2023 წლის გაზაფხულზე ჩატარდება, ხოლო მსურველების რეგისტრაცია დაიწყება მარტის თვეში.
