საქპატენტი მოსამართლეებისთვის ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებულ კურსებს შეიმუშავებს
30 დეკემბერი 2022 წ.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან, 29 დეკემბერს, სამუშაო შეხვედრა გამართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. საქპატენტის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა. შეხვედრაზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ეხება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტები შემუშავდა ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში. მოსამართლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საქმეების განხილვის სტატისტიკური მონაცემები.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - საქპატენტსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის 2015 წლიდან გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, უწყებები წინასწარ შეთანხმებულ საკითხებზე ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქპატენტი შეიმუშავებს ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებულ კურსებს მოსამართლეებისთვის. იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით მომავალ წელს ქართულ ენაზე ითარგმნება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადაპტირდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის სასწავლო პროგრამა „მოსამართლეების ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში“. პროგრამა, რომელიც მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული დარგების შესახებ სწავლებას, ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის განვითარებასა და გაძლიერებას ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი დაცვისა და აღსრულების მიმართულებით.

