სოსო გიორგაძე აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს ვაშინგტონში
10 თებერვალი 2023 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა ვაშინგტონში აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მთავარ მრჩეველთან სტივ გარდნერთან 9 თებერვალს გამართა.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქპატენტისა და CLDP-ს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე, ერთობლივი სამომავლო პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაზე, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეფექტიანი სისტემის განვითარებისკენ.
შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად CLDP-ს მხარდაჭერასა და კოლექტიური მართვის სფეროს სამართლებრივი და ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობას. აღნიშნული სამუშაოს ჩატარებისთვის საქპატენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა CLDP-ის მთავარ მრჩეველს, რომელიც უზრუნველყოფს CLDP-ის პროგრამების მართვას მსოფლიო მასშტაბით.
აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) 1992 წელს შეიქმნა. CLDP ტექნიკური დახმარების პლატფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორის სუბიექტების ტექნიკურ დახმარებას კომერციული სამართლის სფეროში, რათა ხელი შეუწყოს მათ ეკონომიკური განვითარებისთვის დასახული მიზნების მიღწევაში.

