საქპატენტში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო - სტაჟიორად დანიშნულებს თავმჯდომარე შეხვდა
01 მარტი 2023 წ.
საქპატენტის მიერ გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსის პირველ ოთხ გამარჯვებულს სოსო გიორგაძემ დანიშვნა პირადად მიულოცა. საქპატენტის თავმჯდომარე სტაჟიორებს პირველ სამუშაო დღეს შეხვდა და წარმატება უსურვა.
ელენე ბერიძე, მარიამ ნავროზაშვილი, სოფიო ინჯია და ლია გურასპაშვილი ქიმიის, ბიოლოგიისა და ფარმაციის მიმართულების სტუდენტები არიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ისინი სტაჟირებას 4 თვის განმავლობაში გაივლიან საქპატენტის გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტში. მათი ფუნქციები მოიცავს წინასწარი საპატენტო ძიების ჩატარებას, ტექნიკის დონის ანალიზს, პატენტუნარიანობის წინასწარ შეფასებას და საპატენტო განაცხადებზე საქმის წარმოებაში მონაწილეობას.
საქპატენტის მიერ ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამოცხადდება. მომდევნო ნაკადზე შეირჩევა ფიზიკისა და ინჟინერიის მიმართულების სტუდენტები. გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტში სტაჟირების კონკურსი ითვალისწინებს ჯამში 10 კანდიდატის შერჩევას. სტუდენტებს, რომლებიც სტაჟირების პერიოდში გამოავლენენ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარს, ექნებათ საქპატენტში დასაქმების პერსპექტივა.

