ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიური სფეროს დავებთან დაკავშირებული მედიაცია
16 მარტი 2023 წ.
23 მარტს,
15:00 საათზე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და
მედიაციის ცენტრისა და საქპატენტის თანაორგანიზებით,
ჩატარდება ვებინარი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების შესახებ. ღონისძიება
იმართება WIPO-სა და სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს“
შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. ღონისძიებას გაუძღვებიან WIPO-ს წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც
მონაწილეებს გაუზიარებენ WIPO-ს პრაქტიკასა და გამოცდილებას დავების მედიაციის გზით
გადაწყვეტის მიმართულებით.
ვებინარზე გაზიარებული იქნება WIPO-ს მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრის საქმიანობის პრაქტიკა, ასევე, განიხილება WIPO-ს მედიაციის წესები და პრინციპები, რომლებიც გამოიყენება მედიაციის პროცესში ეფექტიანობის მისაღწევად.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება მორიგების ხელშეკრულებების აღსრულების მექანიზმებსა და სხვადასხვა აქტორების როლზე მედიაციაში. საქართველოში მედიაციის პროცესის პრინციპებსა და მორიგების ხელშეკრულებების აღსრულების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე. WIPO-ს ექსპერტების მიერ გაზიარებული საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შეხვედრაზე ასევე განიხილება საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში მედიაციის დანერგვის პერსპექტივები.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და საქართველოში, ამ სფეროში მედიაციის დანერგვაზე მსჯელობა.
აღსანიშნავია, რომ WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მედიაციის საშუალებით ინტელექტუალური საკუთრების დავების 70% მორიგებით სრულდება. ამ მექანიზმის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის მომსახურებას რეგულარულად იყენებენ საერთაშორისო კორპორაციები, მცირე და საშუალო საწარმოები, სტარტაპები, ასევე, კვლევისა და განვითარების ცენტრები, უნივერსიტეტები, ხელოვანები, გამომგონებლები და მწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ვებინარის დღის წესრიგის გასაცნობად და რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
https://wipo-int.zoom.us/webinar/register/WN_vyNKHVPuSPuAtQIxVC-8yQ

