საქპატენტის თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამას EUIPO-ს ექსპერტები უძღვებიან
18 მარტი 2023 წ.
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების
მიზნით, 15 მარტს, საქპატენტში პროფესიული განვითარების პროგრამა დაიწყო. საქპატენტის
სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული აქტივობა ითვალისწინებს ტრენინგების სამ სერიას,
რომლებსაც გაუძღვებიან ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) წამყვანი
ექსპერტები. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირისა
და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, რომელიც
მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას საქართველოში, კერძოდ,
სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის ექსპერტიზის დახვეწას და ევროკავშირის კანონმდებლობასა
და პრაქტიკასთან ჰარმონიზებას.
ტრენინგები მოიცავს დარგობრივი ექსპერტებისთვის
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის მიმართულებით.
პირველი და მეორე სერიის ტრენინგები დაეთმობა EUIPO-ს პრაქტიკის განხილვას სასაქონლო ნიშნების შესახებ, ტრენინგების
მესამე სერია კი - EUIPO-ს პრაქტიკას დიზაინის შესახებ. პროფესიული განვითარების
პროგრამაში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის,
ასევე, უწყების იურიდიული, მონიტორინგისა და მომსახურების დეპარტამენტების 30 თანამშრომელი
მიიღებს მონაწილეობას. EUIPO-ს ექსპერტები, ევროკავშირის პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით,
გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს,
რომლებმაც ტრენინგებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, უნდა უზრუნველყონ საქპატენტში ჩატარებული ექსპერტიზის
ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
EUIPO-ს ძირითად ფუნქციებშია ევროკავშირის
წევრი სახელმწიფოების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის
გამოცდილების გაზიარება და ევროკავშირის პრაქტიკის ჰარმონიზებაში დახმარება. აღნიშნული
ხორციელდება EUGIPP პროექტის ფარგლებში EUIPO-ს ექსპერტების ჩართულობით და მიზნად ისახავს თანამშრომელთა
კვალიფიკაციის ამაღლებას.
