პარლამენტისა და საქპატენტის ერთობლივი დელეგაცია ესპანეთის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების OEPM-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
23 მარტი 2023 წ.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი დელეგაცია, საქპატენტის თავმჯდომარის სოსო გიორგაძის, თავმჯდომარის მოადგილის ნინო ჩიქოვანისა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გელა სამხარაულის შემადგენლობით, საქმიანი ვიზიტით მადრიდში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ესპანეთის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების OEPM-ის გენერალურ მდივანთან ხოსე მარია კალეხა როვირასთან. ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაა, საქპატენტისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი დელეგაციის წევრები OEPM-ის ინტელექტუალური საკუთრების წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების სპეციფიკას გაეცნენ. საქპატენტი აღნიშნული მომსახურების საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში დანერგვაზე აქტიურად მუშაობს.
ინტელექტუალური საკუთრების წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების მიწოდება მცირე თუ საშუალო საწარმოებს ეხმარება სტრატეგიის შემუშავებასა და ინტელექტუალური საკუთრების პორტფოლიოს შექმნაში. აღნიშნული სერვისი გულისხმობს კომპანიის ბიზნეს მოდელის, მისი საწარმოო პროცესის შესწავლას. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების იდენტიფიცირება, კერძოდ, დგინდება კომპანიის აქტივებში არსებული გამოგონების ან სასარგებლო მოდელის პატენტუნარიანობა. ფუნდამენტური კვლევის საფუძველზე მზადდება საბოლოო დასკვნა, რომელიც მოიცავს კონსულტაციებსა და რეკომენდაციების პაკეტს კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვისა და მისი შემდგომი მართვის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მცირე თუ საშუალო საწარმოების ინოვაციებზე დამყარებული საქმიანობა აჩენს სარგებლის მიღების ახალ შესაძლებლობებს, დასაქმებულთა შემოსავლების მატებისა და კომპანიის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, რაც ასევე განაპირობებს ქვეყანაში საგამომგონებლო საქმიანობის წახალისებასა და პოპულარიზაციას.
ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქპატენტის დელეგაცია გაეცნობა OEPM-ის საქმიანობის სპეციფიკას, ორგანიზაციის სტრუქტურასა და სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპებს, ასევე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მოქალაქეთა მომსახურების მიმართულებით დანერგილ სიახლეებს. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები მიიღებენ ინფორმაციას OEPM-ის საქმიანობის შესახებ მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის კუთხით.
OEPM-ი წარმოადგენს ესპანეთის მრეწველობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სამინისტროს ავტონომიურ ერთეულს, რომელიც მე-19 საუკუნეში შეიქმნა და პასუხისმგებელია პატენტებზე ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე. მის მანდატშია საერთაშორისო საძიებო უწყება (ISA) და წინასწარი ექსპერტიზის საერთაშორისო უწყება (IPEA), საპატენტო კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულებით (PCT) დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ესპანეთში
შედგა საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის
(EUGIPP) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური
საკუთრების უწყება (EUIPO) და მიზნად ისახავს ინტელექტუალური
საკუთრების სისტემის მხარდაჭერას საქართველოში. პროექტის მხრიდან მონაწილეობდნენ EUIPO-ს
საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის, EUGIPP პროექტის ასისტენტი ანდრეა იორი და
EUIPO-ს საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის პროექტების კოორდინატორი, ჯგუფის ხელმძღვანელი
ალვარო გარსია ალკაზარი.

