საქპატენტი ევროკავშირის დახმარებით სააპელაციო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს
20 აპრილი 2023 წ.
ევროკავშირისა და საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP)
ფარგლებში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ
თბილისი“ ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის საქმიანობის გაუმჯობესებას.
საქპატენტი
აქტიურად მუშაობს დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტის უახლესი საერთაშორისო
პრაქტიკის დანერგვასა და სააპელაციო პალატის მუშაობის გაუმჯობესებისათვის,
რაც დადებით გავლენას მოახდენს ბიზნესისა და სამეცნიერო სფეროების განვითარებაზე, ვინაიდან
სააპელაციო პალატის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ორივე სფეროსთან. ბიზნესისათვის
საყურადღებოა სასაქონლო ნიშნებთან თუ დიზაინთან დაკავშირებული დავების სწრაფი და სამართლიანი
გადაწყვეტა, სამეცნიერო სფეროსთვის კი – მათ მიერ შექმნილ გამოგონებებთან და სასარგებლო
მოდელებთან დაკავშირებული დავების ეფექტიანი გადაწყვეტა.
მიმდინარე წლის 20 აპრილს გამართულ საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური
საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს EUIPO-ს პრაქტიკა და
გამოცდილება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო საბჭოს
მოწყობის, სტრუქტურისა და მეთოდოლოგიაში დანერგილი ძირითადი მიმართულებების
შესახებ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა EUIPO-ს სააპელაციო საბჭოს წვლილი
ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის კანონის სათანადო გამოყენებაში, მათ
შორის, დიდი სააპელაციო საბჭოს პროცედურული წესები, თანამიმდევრულობის ციკლი და
ანგარიშები.
შეხვედრის
მიმდინარეობისას განიხილეს, ასევე, საქპატენტის სააპელაციო პალატის საქმიანობა და
პროცედურული ასპექტები. ორივე მოდელის შედარებითი ანალიზისა და ძირითადი
ხარვეზების დადგენის გათვალისწინებით, მომზადდა მნიშვნელოვანი წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც ხელს
შეუწყობს საქპატენტის სააპელაციო პალატის პრაქტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან
დაახლოებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე
სოსო გიორგაძე და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში, სამოქალაქო
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის, სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერი ქეთევან
ხუციშვილი, ასევე, EUGIPP პროექტის ხელმძღვანელი
მარტინ მარიანოვი, რომელიც დისტანციურად ჩაერთო შეხვედრის მუშაობაში და სიტყვით მიმართა
ღონისძიების მონაწილეებს.
EUGIPP
არის ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი
პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერასა და გაძლიერებას.
პროექტი 2020 წლიდან მიმდინარეობს
და ევროკავშირის მხრიდან მას ახორციელებს ევროკავშირის
ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO). პროექტის
მთავარი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
