ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებული ქართულ ენაზე გამოიცა
03 მაისი 2023 წ.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების
შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული
ქართულ ენაზე გამოიცა საქართველო-ევროკავშირის
ერთობლივი პროექტის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP) ფარგლებში. ნაშრომი შედგენილია ევროკავშირის
საერთო სასამართლოს (GCEU), ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა (CJEU) და
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ( EUIPO)
სააპელაციო საბჭოს (BOA)
გადაწყვეტილებების საფუძველზე.
კრებულის
გამოცემას წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის
სფეროში ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებების შესახებ. EUGIPP პროექტის
ფარგლებში გამართულ ამ ღონისძიებებზე ქართველი და ევროპელი მოსამართლეები
განიხილავდნენ ევროპაში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით გახმაურებულ
საქმეებს. ევროპელი კოლეგების პრაქტიკა და გამოცდილება გაიზიარეს საქართველოს
უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და საქალაქო, ასევე ქუთაისის
სასამართლოს მოსამართლეემბა.
3 მაისს,
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო
გიორგაძემ სკოლის ხელმძღვანელობასა და მოსამართლეებს საჩუქრად კრებულის 50
ეგზემპლარი გადასცა. ღონისძიებას
საქპატენტის თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდნენ EUIPO-ს ინსტიტუციური და თანამშრომლობის სამსახურის
დირექტორი სანდრის ლაგანოვსკისი, EUIPO-ს საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის
უფროსი იგნასიო დე მედრანო, EUGIPP პროექტის ხელმძღვანელი მარტინ
მარიანოვი, ასევე საქპატენტისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის
წარმომადგენლები და საერთო სასამართლოს მოსამართლეები.
EUGIPP
არის ევროკავშირისა და საქართველოს პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, რომელიც
2020 წლიდან მიმდინარეობს. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ EUIPO და საქპატენტი. მისი მიზანია საქართველოში
ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერა, საქართველოსა და ევროკავშირის
კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოება. პროექტი მიმდინარე წლის ივნისში
დასრულდება.
