პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს საკომიტეტო მოსმენაზე მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ შეთანხმებისა და საქართველოს საპატენტო კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტებს.
ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებით დასრულდება ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა (EPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - ,,საქპატენტს“ შორის 2012 წელს დაწყებული მოლაპარაკებები ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის შესახებ.
ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორცილებელ ორგანიზაციას. EPO ახდენს საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს, მისი საქმიანობა მიმართულია ევროპის მასშტაბით ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ, დღეისათვის, ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში (EPO) გაწევრიანებულია 39 წევრი ქვეყანა, რაც მოიცავს ევროკავშირის ყველა, 27 წევრ სახელმწიფოს და ასევე, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს.
ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან (EPO) ვალიდაციის შეთანხმების დადება, იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოში საპატენტო სისტემის შემდგომი განვითარებისთვის. აღნიშნული შეთანხმება გააძლიერებს სამრეწველო საკუთრების დაცვას და ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზნების მიღწევას და ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის თანდათანობით ინტეგრაციას.
აღსანიშნავია, რომ ვალიდაციით იზრდება საქართველოს EPO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა, რაც შემდგომში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
საქართველოს საპატენტო კანონში განსახორციელებელი ცვლილებები კი მიზნად ისახავს ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ვალდებულების შესრულებას. ასევე, საქართველოს საპატენტო კანონის ევროპის საპატენტო კონვენციასთან (EPC), ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან და საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) შესაბამისობაში მოყვანას.
დღესდღეობით საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღება შესაძლებელია ორი გზით: განაცხადის პირდაპირ საქპატენტში წარდგენით და საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადის ეროვნულ ფაზაში საქართველოში წარდგენის საშუალებით. ცვლილებების საფუძველზე, კანონით განისაზღვრება საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღების მესამე გზა, უფრო სწრაფი და უფრო იაფი − ევროპული საპატენტო განაცხადის წარდგენა და მისი საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა. აღნიშნული გზა უცხოელ განმცხადებელს გაუმარტივებს საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვებას ევროპული სტანდარტით, რაც პოზიტიური სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის.