საერთაშორისო სიმპოზიუმი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ
30 ივნისი 2017 წ.
2017 წლის 29 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ იანგჟოუში, იმართება მსოფლიო სიმპოზიუმი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ, რომელიც ორგანიზებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობის და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) მიერ. აღნიშნული სიმპოზიუმი, მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს გეოგრაფიული აღნიშვნების დარგში უმნიშვნელოვანეს მოვლენას და ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. სიმპოზიუმის მიზანია, ფორუმის მოწყობა იდეების გაცვლის და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა/გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით. სიმპოზიუმი, აგრეთვე უზრუნველყოფს ტექნიკურ წვდომას და ინფორმაციის გაზიარებას გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში უახლესი მიღწევების შესახებ. სიმპოზიუმის მონაწილეებს სხვა გამომსვლელებთან ერთად, სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო მუჯირმა, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე „ღვინის გეოგრაფიული აღნიშვნების მენეჯმენტი“.
მოხსენებაში ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ღვინის აკვნისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სიტემის განვითარების მნიშვნელობას. დამატებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიმპოზიუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორუმს სადაც, კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს - ღვინის სამშობლოს დემონსტრირება, რომელსაც მეღვინეობის დარგში გააჩნია უძველესი ტრადიციები.
მაღალი ინტერესის გამო, წელს სიმპოზიუმის მონაწილეთა რიცხვმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ სიმპოზიუმში მონაწილეობა, ვინაიდან განიხილება ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: გეოგრაფიული აღნიშვნების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები; გეოგრაფიული აღნიშვნების მართვა; გეოგრაფიული აღნიშვნების საზღვარგარეთ დაცვა: მადრიდის და ლისაბონის სისტემების მეშვეობით და სხვ.
