საქართველო გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმს მასპინძლობს
14 ივნისი 2023 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ ორგანიზებით, 14 - 16 ივნისს, საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი იმართება. ეს არის გლობალური ფორუმი, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო თუ ეროვნული სისტემების გამოწვევებზე მსჯელობის, ასევე პერსპექტივებისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმაა. ამ მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში თბილისი მასპინძლობს 62 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელს თურქეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, კამერუნიდან და სხვა ქვეყნებიდან. ასევე, სიმპოზიუმის მუშაობაში დისტანციურად ჩაერთვება 800-მდე მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
სიმპოზიუმში მონაწილეობენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს ხელმძღვანელი პირები, ევროკომისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), კვების პროდუქტების საერთო სახელწოდებების კონსორციუმი (CCFN), გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსი „oriGIn“, ასევე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. სიმპოზიუმს, აგრეთვე, ესწრებიან ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელი პირები, გეოგრაფიული აღნიშვნების ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები, წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან.
სიმპოზიუმი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა, რის შემდეგაც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. სიმპოზიუმზე დისტანციური ვიდეო მიმართვით ჩაერთო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი დარენ ტანგი, WIPO-დან მონაწილეებს ასევე მიმართა გენერალური დირექტორის მოადგილემ ვანგ ბინინგმა. სიმპოზიუმის შესავალი ნაწილი შეაჯამა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და ხაზი გაუსვა გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის მნიშვნელობას, მიზნებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
ღონისძიებაზე დარგობრივი სპეციალისტები და ფორუმის სხვა მონაწილეები განიხილავენ გეოგრაფიული აღნიშვნების როლს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებში. გარდა ამისა, სიმპოზიუმის ფარგლებში გათვალისწინებულია პანელური დისკუსიები, რომლის ფორმატში განიხილავენ ქვეყნების გეოგრაფიული აღნიშვნების ბრენდინგის სტრატეგიებში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ასევე იმსჯელებენ გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში დანერგილ სიახლეებსა და ტურიზმის სექტორის განვითარებაში გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაციის ეფექტიანობაზე.
სიმპოზიუმის მიმდინარეობისას გაიხსნა საქპატენტში რეგისტრირებული 64 ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ყველის თუ ღვინის ნაირსახეობები, მინერალური სასმელები, ტყემალი, ჩურჩხელა, ჭაჭა, ნინოწმინდის თაფლი, ქუთაისის მწვანილი და სხვა განსაკუთრებული პროდუქტები. ამ გეოგრაფიული აღნიშვნების უნიკალური მახასიათებლები, მაღალი ხარისხი, გამორჩეული თვისებები თუ რეპუტაცია დაკავშირებულია მათი წარმოშობის ადგილთან და განპირობებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული გარემო პირობებით, კლიმატით, ნიადაგით და ადგილობრივ მოსახლეობაში შემონახული წარმოების ტრადიციული ცოდნით.
სიმპოზიუმი მიმდინარეობს სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, ხელს შეუწყობს ქართული უნიკალური პროდუქტების პოპულარიზაციას, საერთაშორისო ბაზარზე სათანადო ადგილის დამკვიდრებასა და საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის გაძლიერებას. სიმპოზიუმი ორ დღეს გაგრძელდება.

