მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ქართული პროდუქციის გამოფენა გაიხსნა
14 ივნისი 2023 წ.
გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ გაიხსნა გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ქართული პროდუქციის გამოფენა. მსოფლიო სიმპოზიუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უნიკალურ ქართულ პროდუქტებს.
მნიშვნელოვანია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პროდუქტის წარმოშობის ადგილზე, პროდუქტის იმ განსაკუთრებულ ხარისხზე, თვისებებსა და რეპუტაციაზე, რომლებიც განპირობებულია ამ წარმოების ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებით - ნიადაგით, წყლის შემადგენლობით, კლიმატით, ლანდშაფტით და, ამასთანავე, ადგილობრივ მოსახლეობაში შემონახული წარმოების ტრადიციული ცოდნითა და გამოცდილებით. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მონაცემების მიხედვით, გეოგრაფიული აღნიშვნების მატარებელი პროდუქცია ბაზარზე სარგებლობს განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით და მისი ღირებულება საშუალოდ 2,5 ჯერ აღემატება ანალოგიური სხვა პროდუქტების ფასს, შესაბამისად, განსაკუთრებული მახასიათებლების მქონე პროდუქცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების რეგიონულ განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას, ამცირებს სამუშაო ძალის გადინებას და სტიმულს აძლევს ახალი საქმიანი რესურსის მოზიდვას, ასევე, ზრდის რეგიონის ცნობადობასა და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას.
გამოფენაზე წარმოდგენილია საქპატენტში რეგისტრირებული 64 ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა საქართველოს კუთხეების მიხედვით. საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ცალკეული დეტალები და ხალხური ხუროთმოძღვრების თანამედროვე მხატვრული ექსპონატები ქმნიან საქართველოს კუთხეების მინიატიურულ მოდელს თვითმყოფადი ეთნოკულტურით. ყოფა-ცხოვრების ობიექტებს შორის თავმოყრილია მხატვრულ კომპოზიციებად განლაგებული ქართული მრავალფეროვანი პროდუქტები - ადგილწარმოშობის 38 დასახელება და 26 გეოგრაფიული აღნიშვნა. გამოფენის პროდუქტებს შორისაა 29 სახეობის ღვინო (ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, ქინძმარაული, მანავი, ატენური და სხვ.). ასევე, 8 სახეობის მინერალური წყალი (ნაბეღლავი, საირმე, ბორჯომი, მიტარბი და სხვ.) ყველის 13 ნაირსახეობა (თუშური გუდა, ტენილი, აჭარული ჩლეჩილი, სულგუნი, იმერული ყველი, დამბალხაჭო და სხვ.). ასევე, გამოფენის ექსპოზიციაშია 12 სახეობის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, მათ შორის 3 თაფლი (მაჭახელას თაფლი, ნინოწმინდის თაფლი, მუხურის თაფლი), 1 ჩაი (ტყიბულის მთის ჩაი), 1 მწვანილი (ქუთაისის მწვანილი) 1 კარტოფილი ( ახალქალაქის კარტოფილი), 1 ტკბილეული ( ჩურჩხელა), 1 რძის ნაწარმი (მაწონი), 1 საწებელი (ტყემალი), 1 საკმაზი (აჯიკა), 1 სანელებელი (ქართული დაფნა) 1 მანდარინი ( ხეთის მანდარინი), 1 სპირტიანი სასმელი (ჭაჭა), 1 არასასურსათო პროდუქტი (ქვევრი). ასევე საექსპოზიციო სტენდზე წარმოდგენილია საქართველოში დაცული ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალი თავისი აღწერილობებით. სტუმრები ასევე გაეცნობიან ქართული ღვინის, ყველის და აგროპროდუქტების რუკების ამსახველ ბუკლეტებს. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე სტუმრებისთვის ტარდება თიხის ნაკეთობების მოხატვის მასტერკლასი. მოწვეულმა ქართველმა მხატვრებმა გააფერადეს პატარა თიხის სასმისები, ქვევრები, ფიალები, დოქები. სიმპოზიუმის სტუმრები თავადაც იღებენ მონაწილეობას შემოქმედებით პროცესში, ფერადი აკრილის საღებავებით ეუფლებიან თიხის მოხატვის ხელოვნებას. მათ მიერ მოხატული ნივთები სამახსოვროდ გადაეცემათ ავტორებს, შემოქმედების ცოცხალი პროცესით დაინტერესებულ სიმპოზიუმის მონაწილეებს.
გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმში მონაწილეობს 62 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი, ასევე 800-მდე მონაწილე დისტანციურად ჩაერთვება სიმპოზიუმის მუშაობის პროცესში.
მონაწილეთა შორის არიან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს ხელმძღვანელი პირები, ევროკომისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), კვების პროდუქტების საერთო სახელწოდებების კონსორციუმი (CCFN), გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსი „oriGIn“, ასევე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. სიმპოზიუმს, აგრეთვე, ესწრებიან ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელი პირები, გეოგრაფიული აღნიშვნების ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები, წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან.

