სოსო გიორგაძემ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო ალიანსის (oriGIn) პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
15 ივნისი 2023 წ.
გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ორიჯინ-ჯორჯიას დირექტორთან, დავით გაბუნიასთან ერთად oriGIn -ის პრეზიდენტს რიკარდო დესერტის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარებაზე მიმართული ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას.
ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მაღალხარისხიანი, კონკურენტუნარიანი პროდუქციისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ასევე იმ კრიტერიუმებისა და სტანდარტების განსაზღვრა, რასაც განსაკუთრებული თვისებების მქონე პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს თანამშრომლობა - origin-თან, განსაკუთრებით გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვადი პროდუქტების აქტიური გამოვლენის, სპეციფიკაციების დადგენის და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის კუთხით. ორიჯინ-ჯორჯიასთან ერთად საქპატენტი გეგმავს ქართველი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერის გაძლიერებას, რაც გამოიხატება მათი პროდუქციის გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირების შესაძლებლობის დადგენასა და საექსპორტო პოტენციალის განსაზღვრაში.
გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო ალიანსი - oriGIn – არის არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და მისი წარმომადგენლობის მთავარი ოფისი ჟენევაშია. oriGIn - არის გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსი, სადაც გაერთიანებულია 576-მდე მწარმოებელთა ასოციაცია და გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში სხვა მოქმედი დაწესებულება 40 ქვეყნიდან. oriGIn -ის მიზანია ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისა და აღსრულებისთვის კამპანიის წარმოება.

