საქართველო - გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი 2023
16 ივნისი 2023 წ.
2023 წლის გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის მუშაობა დასრულდა.
ღონისძიება, რომელიც საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) ორგანიზებით თბილისში გაიმართა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური გლობალური ფორუმია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
ორი დღის განმავლობაში მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში, 62 ქვეყნის 300-მდე
წარმომადგენელმა და დისტანციურად 1000-მდე მონაწილემ განიხილა გეოგრაფიული აღნიშვნების
დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სისტემების
წინაშე მდგარი ამოცანები, მათი გადაჭრის გზები და მიზნები. მუშაობის პროცესში
ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებში დანერგილ
სიახლეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, რაც ასევე აისახება
მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.
საყოველთაოდაა აღიარებული, რომ გეოგრაფიული აღნიშვნები ეფექტიანი ინსტრუმენტია
სოფლის მეურნეობის მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოების, ასევე
მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და რეგიონების განვითარების კუთხით. გეოგრაფიული
აღნიშვნების წარმოშობა კონკრეტულ ადგილს უკავშირდება და გამოირჩევა მაღალი ხარისხით,
განსაკუთრებული თვისებებითა და რეპუტაციით, რაც განპირობებულია ამ ადგილის კლიმატური
პირობებით, ნიადაგით, ადგილობრივ მოსახლეობაში საქონლის წარმოების ტრადიციული ცოდნითა
და გამოცდილებით. ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო სიმპოზიუმის საქართველოში
ჩატარება, ქვეყანაში, რომელიც მდიდარია სხვადასხვა
უნიკალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით და მათი წარმოების თვითმყოფადი ტრადიციებით.
გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციფიკის გათვალისწინებით, სიმპოზიუმის პანელურ
დისკუსიებზე იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: გეოგრაფიული აღნიშვნების ბრენდინგისა და მარკეტინგის
სტრატეგიები და ტურიზმის სექტორის განვითარება გეოგრაფიული აღნიშვნების წარმოშობის
ადგილებში. აღინიშნა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის წარმატება დიდწილად განპირობებულია
ეფექტიანი მმართველობით და დამოკიდებულია ხარისხის კონტროლის სტრუქტურებზე. ამდენად,
მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიდგომებისა და გამოწვევების გათვალისწინება ამ საკითხთან
მიმართებაში.
გარდა ამისა, ერთ-ერთ პანელზე, ლისაბონის სისტემაში შემავალი შერჩეული
ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელეს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში დანერგილ
სიახლეებსა და განვითარების თავისებურებებზე. წარმოდგენილი და განხილული იყო სხვადასხვა
პოზიცია და არგუმენტი. ყურადღება გამახვილდა ასევე საერთაშორისო დაცვის მექანიზმებზე.
სიმპოზიუმის მუშაობაში
მონაწილეობდნენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს ხელმძღვანელი
პირები, ევროკომისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის,
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
(FAO), გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (UNWTO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების
ორგანიზაცია (UNIDO), კვების პროდუქტების საერთო სახელწოდებების კონსორციუმი
(CCFN), გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსი „oriGIn“, ასევე, საქართველოს მთავრობისა
და პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებებისა
და კერძო სექტორის წარმომადგენლები. სიმპოზიუმს, აგრეთვე, ესწრებოდნენ ინტელექტუალური
საკუთრების უწყებების ხელმძღვანელი პირები, გეოგრაფიული აღნიშვნების ექსპერტები და
სფეროს სპეციალისტები, წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან.

