სოსო გიორგაძემ უცხოელ სტუდენტებს საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა
01 ივლისი 2023 წ.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა 2023 დასრულდა. 5 დღის
განმავლობაში 7 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის 11 სტუდენტმა
საქპატენტის სასწავლო ცენტრში სპეციალიზებული პროგრამა გაიარა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა
საკითხების შესწავლას ინტელექტუალური საკუთრების სისტემის შესახებ. სამართლის საზაფხულო
სწავლება საქართველოში, რომელიც ELSA-ს ეგიდითა და საქპატენტის მხარდაჭერით იმართება,
მიზნად ისახავს სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებში
ინტელექტუალური საკუთრების დარგის მიმართ ინტერესის გაღვივებასა და, ასევე, ამ სფეროში
ცოდნის გაღრმავებას.
საზაფხულო სამართლის სკოლის მონაწილეები სწავლების პროცესში
გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების ცალკეულ ობიექტებს, მათი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებსა
და საერთაშორისო რეგისტრაციის პირობებს. კერძოდ, სალექციო კურსის მიმდინარეობისას მიმოიხილეს
სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე
უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები, ნიშნების აღრევამდე მსგავსება და სასაქონლო ნიშნების
ექსპერტიზის პრაქტიკული სავარჯიშოები საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების გამოყენებით.
გარდა ამისა, საქართველოს მაგალითზე დაყრდნობით ლექციებზე განიხილეს სასაზღვრო ღონისძიებები,
ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და აღსრულების მექანიზმები. ასევე, კურსის მონაწილეებმა
მიიღეს ინფორმაცია დიზაინის დაცვის ფარგლებსა და მისი რეგისტრაციის პროცედურებზე, ასევე
გაეცნენ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სპეციფიკას, იმსჯელეს საავტორო და მომიჯნავე
უფლებებზე, მათთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა თუ გამონაკლისებზე. გარდა ამისა, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია გამოგონებისა და სასარგებლო მოდელების შესახებ,
პატენტიდან გამომდინარე ექსკლუზიური უფლებების დარღვევასა და აღსრულების მექანიზმებზე.
ლექციების კურსს
უძღვებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების
მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ აკრედიტებული საქპატენტის ტრენერები და მოწვეული
ტუტორები. საზაფხულო სამართლის სკოლის ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
სააგენტოს (GITA), სადაც გაეცნენ სააგენტოს საქმიანობასა და მიიღეს ვრცელი ინფორმაცია
სააგენტოს ფუნქციონირების შესახებ. სკოლის პროგრამის ფარგლებში მათ მოინახულეს ასევე
საბაჟო-გამშვები პუნქტი, სადაც გაეცნენ საბაჟო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკასა
და საქმიანობის შედეგად მიღებული შედეგების დეტალებს.
დღეს, სკოლის დახურვასთან დაკავშირებით, ELSA-ს საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლის მონაწილეებს საქპატენტის
მცხეთის სათავო ოფისში უმასპინძლეს. საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ
ELSA-ს საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლის წლევანდელ მონაწილეებს სწავლების წარმატებით
დასრულება მიულოცა და საზეიმო ვითარებაში სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები
გადასცა. სტუდენტებთან საუბრისას სოსო გიორგაძემ აღნიშნა:„ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების
ეპოქაში ინტელექტუალური საკუთრება მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელიც განაპირობებს
ქვეყნების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას. ახალგაზრდების ამ სფეროთი
დაინტერესება სამომავლოდ დარგის აქტიური განვითარების გარანტია, რაც ხელს შეუწყობს
ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაუმჯობესება და დახვეწას“.
ELSA არის გაერთიანება, რომელიც მოიცავს 44 ევროპულ
სახელმწიფოს ეროვნული ჯგუფების დონეზე, 390-მდე ცნობილ უმაღლეს სასწავლებელს მთელს
ევროპაში, 51000-ზე მეტ სტუდენტსა და დამწყებ იურისტს. ELSA-ს საზაფხულო სკოლა სამართლის სხვადასხვა დარგში ყოველწლიურად
32 ქვეყანაში ტარდება. საქართველოში საზაფხულო სამართლის სკოლა ევროპის იურისტ სტუდენტთა
ასოციაცია საქართველოში (ELSA-GEORGIA) და
საქპატენტის ორგანიზებით 2016 წლიდან ხორციელდება. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
სტუდენტები გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ნორვეგიიდან, უზბეკეთიდან,
უკრაინიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
