საქართველოს დელეგაცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაში მონაწილეობს
07 ივლისი 2023 წ.
საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე
სოსო გიორგაძე ხელმძღვანელობს, WIPO-ს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიას ესწრება.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) გენერალური ასამბლეა ჟენევაში ყოველწლიურად იმართება. წლევანდელ სესიაზე ასამბლეის დელეგატები შეაჯამებენ განვლილი წლის
საქმიანობის შედეგებს, იმსჯელებენ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამოცანებზე, განიხილავენ
მთავარ მიმართულებებსა და პრიორიტეტებს, რომლებიც WIPO-ს წევრი სახელმწიფოების ინტელექტუალური
საკუთრების პოლიტიკას განსაზღვრავს. ასამბლეა მისასალმებელი სიტყვით გახსნა WIPO-ს
გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა. ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა საქპატენტის თავმჯდომარე
სოსო გიორგაძე, რომელმაც თავის გამოსვლაში საქპატენტისა და WIPO თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრა, საქპატენტის
თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 14-16 ივნისს, თბილისში, ერთობლივი
ძალისხმევით გამართულ გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმზე. ასევე, ხაზი გაუსვა
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების გაუმჯობესების მნიშვნელობას.
WIPO-ს გენერალური ასამბლეა 15 ივლისამდე გაგრძელდება
და მონაწილეები მოისმენენ ანგარიშებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა, ასევე პატენტების,
სასაქონლო ნიშნების, სამრეწველო ნიმუშებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მუდმივმოქმედი
კომიტეტების საქმიანობის შესახებ, გარდა ამისა,
მოხსენებით წარსდგება ინტელექტუალური საკუთრებისა და გენეტიკური რესურსების, ტრადიციული
ცოდნისა და ფოლკლორის მთავრობათაშორისი კომიტეტი, აღსრულების მრჩეველთა კომიტეტი და
სხვ.
ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია სოსო გიორგაძის ოფიციალური შეხვედრა WIPO-ს გენერალურ დირექტორთან დარენ ტანგთან. საქპატენტის ხელმძღვანელი ასევე შეხვდება WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ვანგ ბინინგს, WIPO-ს გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების განყოფილების დირექტორს ჰაბიპ ასანს. გარდა ამისა, საქპატენტის თავმჯდომარე საქმიან შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყების თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, მათ შორის, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან, საერთაშორისო სასაქონლო ნიშნების ასოციიაციის (INTA) აღმასრულებელ დირექტორთან ეტიენ სანს დე აჩედოსთან. სოსო გიორგაძე ასევე შეხვდება თურქეთის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისის (TURKPATENT) პრეზიდენტს ჯემილ ბაშპინარს, ყაზახეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყების დირექტორს იერბოლ ოსპანოვს, შეხვდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ხელმძღვანელს კომისიონერ შენ ჩანგიუს. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გაიმართება EUIPO-ს წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებთან.

