სოსო გიორგაძე თურქეთის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების (TURKPATENT) პრეზიდენტს შეხვდა
12 ივლისი 2023 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჟენევაში თურქეთის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისის (TURKPATENT) პრეზიდენტს ჯემილ ბაშპინარს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამეზობლო პოლიტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მხარეების მიერ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სტრატეგიების განსაზღვრა, ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზისა თუ დაცვის მექანიზმების კუთხით. საუბრისას გამოიკვეთა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის, რეგიონული კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა. გარდა ამისა, მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობა გამოავლენს საერთო ინტერესებსა თუ მიდგომებს ინოვაციური საქმიანობისა და საინვესტიციო გარემო პირობების შესაქმნელად. ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები ხელს შეუწყობს სფეროში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას და ქმედითი დაცვითი მექანიზმების შექმნას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, ასევე, წარმოშობაზე დაფუძნებული პროდუქტების სამართლებრივი დაცვის საკითხებზე. ითქვა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც გავლენას ახდენს სამეწარმეო საქმიანობაზე, ასევე ბიზნესის განვითარებაზე და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე. ხაზი გაესვა ორმხრივ თანამშრომლობას გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლისა და დაცვის აღსრულების მიმართულებით.

