2024 წლის 8 მარტიდან ამოქმედდა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომლებიც მომზადდა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა (EUPO) და საქართველოს ერთობლივი პროექტის – “EUGIPP” ფარგლებში და მიზნად ისახავს სასაქონლო ნიშნების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებასა და სასაქონლო ნიშნების დაცვის სფეროში მოქმედი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.
ცვლილებები შეეხო სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით სხვადასხვა ასპექტს. კერძოდ, შეიცვალა სასაქონლო ნიშნების განმარტება, აღარ არის სავალდებულო სასაქონლო ნიშნის გრაფიკულად გამოსახვა. სარეგისტრაციოდ სასაქონლო ნიშნის წარმოდგენა მხოლოდ ისეთი ფორმითაა სავალდებულო, რომელიც ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და კომპეტენტურ უწყებებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს ნათლად და ზუსტად განსაზღვროს დაცვის ობიექტი, რის მიმართაც განმცხადებელს სურს წარმოეშვას რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები.
თავიდან ჩამოყალიბდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური და შედარებითი საფუძვლები. კერძოდ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტურ საფუძვლებში გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც სასაქონლო ნიშანი არ დარეგისტრირდება, თუ აღნიშნავს მხოლოდ საქონლის ფორმას ან სხვა მახასიათებელს, რომელიც განპირობებულია საქონლის თვისებებით, აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად ან/და საქონელს სძენს არსებით ღირებულებას. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი აღარ არის ისეთი გარემოება, როცა სასაქონლო ნიშანი იყო ერთი არასტილიზებული (სტანდარტული) ასო, ციფრი, ან ცალკე აღებულ ერთი ფერი; ახალი რედაქციით განისაზღვრა ისეთი სიმბოლოების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, რომლებიც წარმოადგენს გვარეობით ცნებას.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლების ნაწილში კანონში გათვალისწინებულია დაპირისპირებული რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ან დიზაინის მფლობელის თანხმობის წარმოდგენის შესაძლებლობა, რაც საშუალებას აძლევს განმცხადებელს დაირეგისტრიროს ისეთი სასაქონლო ნიშანი, რომელიც მსგავსია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტში“ (შემდგომ – საქპატენტი) უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ან/და დიზაინისა. აღნიშნულის შესაძლებლობა განმცხადებლებს ეძლევათ როგორც სასაქონლო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე, ისე სიმბოლოზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების დროსაც.
მე-5 მუხლის ის საფუძველი, რომელიც ითვალისწინებდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ ის შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლის დასახელებას ან გამოსახულებას, დაკორექტირდა ტერმინოლოგიური თვალსაზრისით და ახალი რედაქციის შესაბამისად, „ისტორიული ძეგლის“ ნაცვლად მიეთითა „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“, ასევე, დაემატა მუზეუმის სრული ან შემოკლებული დასახელება და გამოსახულება. ასეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის საჭიროა კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა ნიშანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მუზეუმის დასახელების, ან გამოსახულების გამოყენებაზე.
მთლიანად შეიცვალა სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების ან სასაქონლო ნიშნისთვის რეპუტაციის დადგენის პროცედურა. სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის ეტაპზე აღარ იქნება გათვალისწინებული წარმოდგენილი სიმბოლოს მსგავსება საყოველთაოდ ცნობილ ან რეპუტაციის მქონე ნიშანთან. აღნიშნული საკითხი განიხილება საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში ან სასამართლოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში. ზოგადად, გაიზარდა სააპელაციო პალატის უფლებამოსილებაც. კერძოდ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო პალატაში შეიძლება გასაჩივრდეს იმავე საფუძვლებით, რომლითაც, მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდა გასაჩივრება. გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო პალატა გაფართოებული უფლებამოსილებით დავებს 2024 წლის 1 სექტემბრიდან განიხილავს.
ცვლილება შეეხო „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ვადებს. კერძოდ, 2-დან ერთ თვემდე შემცირდა ფორმალური ექსპერტიზის ვადა, ასევე, შემცირდა ფორმალური ექსპერტიზის საფასურის გადახდის ვადა, რომელიც განისაზღვრა 15 კალენდარული დღით. ამასთან, განმცხადებლებს მიეცათ შესაძლებლობა მოითხოვონ სასაქონლო ნიშანზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება განაცხადის განსახილველად მიღების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში.
განმცხადებლებს/სასაქონლო ნიშნის მფლობელებს საშუალება ეძლევათ მოითხოვონ სასაქონლო ნიშნის დაყოფა, ამასთან, სხვადასხვა საქონლის ან/და მომსახურების ჩამონათვალზე შეიძლება დადგინდეს სხვადასხვა პრიორიტეტი.
შეცვლილია სასაქონლო ნიშნის საქპატენტში წარმოდგენისას საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის მითითების წესი. აღნიშნული ეხება როგორც კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოდგენილ განაცხადებს, ისე კანონის ამოქმედებამდე საქპატენტში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს. კერძოდ, იმ სასაქონლო ნიშნის მფლობელს ან განმცხადებელს, რომელმაც განაცხადი შემოიტანა საქპატენტში „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების ამოქმედებამდე და საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი საერთაშორისო კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის სათაურის სახით მიუთითა, უფლება აქვს დააზუსტოს ჩამონათვალი და მიუთითოს ის საქონელი, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის სათაურში გამოყენებული საქონლის დასახელების პირდაპირ მნიშვნელობას, თუ განაცხადის შეტანის მომენტისთვის ეს საქონელი საერთაშორისო კლასიფიკატორის მოქმედი რედაქციის ანბანურ ჩამონათვალში იყო მოცემული. საქონლის ჩამონათვალის დაზუსტების შესახებ განცხადება საქპატენტში უნდა წარმოადგინოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 5 წლისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის ცვლილებების ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქონლის ჩამონათვალი ზუსტდება საფასურის გადახდის გარეშე. თუ ზემოაღნიშნულ 5-წლიან ვადაში სასაქონლო ნიშნის საქონლის ჩამონათვალი არ დაზუსტდება, მიიჩნევა, რომ სასაქონლო ნიშანი დაცულია მხოლოდ იმ საქონლისთვის, რომელიც ცხადად გამომდინარეობს საერთაშორისო კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის სათაურში მითითებული საქონლის ჩამონათვალის შინაარსიდან (მნიშვნელობიდან).
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით გაზიარებულია ევროკავშირის კანონმდებლობა, საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები სრულად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge/document/view/6105085?publication=0