საქპატენტის მხარდაჭერით, ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა
03 ივნისი 2024 წ.
ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი 2024 გაიმართა. ფესტივალი საქართველოში მეორედ ჩატარდა და მისი სლოგანი „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ გახლდათ. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 50-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი. ფესტივალზე წარდგენილი ღვინოები საერთაშორისო გამოცდილების მქონე ღვინის ექსპერტებისა და სომელიეებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი ღვინოები. კონკურსში 50 მეღვინეს შორის ბოლნისიდან ოქრო „ძმების მარანმა“ მოიპოვა, ხოლო 7-მა მეღვინემ 9 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ გახლდათ. საქპატენტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულიც დააჯილდოვა.
ფესტივალის წარმდგენი იყო „არემჯი“, მხარდამჭერები კი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქპატენტი.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა ტრიო ,,ალილო“ და კვარტეტი ,,რანინა“ ბენდთან ერთად.

