საქპატენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგები შვეიცარიული მხარის ჩართულობით ჩატარდა
04 ივნისი 2024 წ.
საქპატენტისა და შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) ერთობლივი პროექტის (GESIP) ფარგლებში, საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჩატარდა ტრენინგები „მოქმედების თავისუფლების ძიება (FTO) ქიმიის დარგში“, რომელსაც შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) საპატენტო ექსპერტი შტეფანი შტირი უძღვებოდა.
ტრენინგზე განხილული იყო მოქმედების თავისუფლების (FTO) ძიების სტრატეგიები, ინსტრუმენტები და მონაცემთა ბაზები. მოქმედების თავისუფლების ძიება არის შესწავლის პროცესი, რომლითაც დგინდება მესამე პირის პატენტების დარღვევის რისკი კონკრეტული პროდუქტის ან ტექნოლოგიის კომერციული გამოყენების დროს. პრაქტიკული სავარჯიშოები შესრულდა საძიებო სისტემებში: Espacenet, EPOQUE Net და STN. შედეგად, მონაწილეები უშუალოდ გაეცნენ აღნიშნული საძიებო სისტემების უპირატესობებსა და თავისებურებებს. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა მოქმედების თავისუფლების (FTO) ძიებასა და ანალიზს შორის განსხვავებაზეც. ქიმიისა და ფარმაციის დარგში მოქმედების თავისუფლების (FTO) ძიების სერვისს განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფს არსებული პატენტის დარღვევის რისკის შემცირებას, ასევე, სტრატეგიული დაგეგმვისა და უსაფრთხო ინვესტირების შესაძლებლობას.
საქპატენტისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომელთა პროფესიულ ზრდასთან და ექსპერტიზის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, საპატენტო სფეროში ახალი სერვისების დანერგვა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საქართველოში საპატენტო სისტემების განვითარებას. სწორედ ამიტომ, GESIP-ის პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა დარგში ხორციელდება ტრენინგების ციკლი მოქმედების თავისუფლების ძიებაზე.
აღსანიშნავია, რომ GESIP საქპატენტისა და შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) ერთობლივი პროექტია, რომელიც 2022 წელს დაიწყო და ხორციელდება შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოში ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და გამოყენების სტიმულირების გზით.
