საქპატენტში საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) მმართველი კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა
14 ივნისი 2024 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სათავო ოფისში საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქპატენტის, შვეიცარიული მხარისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის პირველი ფაზით გათვალისწინებული შესრულებული აქტივობები, დაგეგმილი ღონისძიებები, და, ასევე, წარმოადგინეს პროექტის მეორე ფაზის განხორციელებისთვის განახლებული საჭიროებები და პრიორიტეტები.
პროექტის ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციისათვის საჭირო აქტების გადახედვა, ხორციელდება ტრენინგები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელოვნურ ინტელექტთან და ბიზნესსექტორებზე ადაპტირებული სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული საპატენტო განაცხადების ექსპერტიზის მეთოდები.
აღსანიშნავია, რომ GESIP საქპატენტისა და შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) ერთობლივი პროექტია, რომელიც 2022 წელს დაიწყო და ხორციელდება შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტიან გამოყენებას, მათ შორის, საპატენტო ძიებებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას, გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე პროდუქტების მწარმოებლებისა და მწარმოებელთა ასოციაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი სერვისების გაუმჯობესებას.

