საქპატენტმა „ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
17 ივნისი 2024 წ.
საქართველოს ინტელქტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტი“, „ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ესწრებოდა საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმია - მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველოს უფროსი დიმიტრი იობაშვილი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიება სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა. საქართველოს მაგალითზე დაყრდნობით შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამეცნიერო კვლევების ტრანსლაცია ეკონომიკაში.
პანელური დისკუსიის ფორმატში ყურადღება გამახვილდა ეკონომიკაში კვლევების ტრანსლაციის გარემოზე, მიღწევებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ღონისძიებაზე განისაზღვრა მთავარი მიზანი ეკონომიკის განვითარებაში სამეცნიერო ინოვაციური კვლევების როლისა და კომერციული ტრანსფერის პოტენციალის მქონე კვლევების დანერგვის შესახებ, რაც ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული. ამდენად, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განხილულ იქნა სახელმწიფო დაფინანსების სქემები, გრანტები, პროგრამები, მიღწევების ინდიკატორები.
ასევე, გამოიკვეთა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული წარმატებული პროექტები, რომელთა პატენტუნარიანობის შეფასებაში აქტიურად იყო ჩართული საქპატენტი. პატენტუნარიანობის შეფასების კრიტერიუმები გულისხმობს გამოგონების სიახლეს, საგამომგონებლო დონეს და სამრეწველო გამოყენებადობას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კვლევისა და მეწარმეობის, ტექნოლოგიური ტრანსფერის ხელშეწყობაზე მიმართული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ამავე სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი ქეთევან გაბიტაშვილი, ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტის მეცნიერები, პროფესორები – გიორგი წინწკალაძე, არჩილ გეგუჩაძე, თენგიზ მძინარიშვილი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფონდის მიერ ადმინისტრირებული სახელმწიფო საგრანტო კონკურსების გამარჯვებული სამეცნიერო პროექტების პრეზენტაცია.
