საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ინტელექტუალური საკუთრების მართვის აქტუალობის შესახებ პანელურ დისკუსიას უმასპინძლა
18 ივნისი 2024 წ.
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ თიკა ნებიერიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ პანელურ განხილვაში ინტელექტუალური საკუთრების მართვის აქტუალობის შესახებ. პანელური დისკუსიის დღის წესრიგი მოიცავდა უნივერსიტეტის კვლევების პერიოდში და მათი კომერციალიზების დროს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის გაანალიზებასა და საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენას.
საუნივერსიტეტო კვლევები და ინოვაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, გლობალური კონკურენტუნარიანობისა და კომერციალიზაციის საქმეში. ღონისძიების მიმდინარეობისას აღინიშნა, რომ ეს კომპონენტები მეცნიერ-მკვლევართა დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა, ხოლო კვლევებიდან მიღებული პროდუქტის რეალიზება და ლიცენზირება - ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალი გარკვეული უნივერსიტეტებისათვის. აქედან გამომდინარე, საუნივერსიტეტო კვლევის პროცესში უაღრესად აქტუალურია მიღებულ ინოვაციაზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ კვლევების დაწყებიდანვე მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლება-მოვალეობები უნივერსიტეტსა და მკვლევარს შორის, გაირკვეს დონორის ჩართულობის წილი კვლევების დაფინანსებაში. გარდა ამ საკითხებისა, გასათვალისწინებელია კვლევების პროცესის ხანგრძლივობა და ხარჯების მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებად ჩამოყალიბება. დონორი ორგანიზაციებისთვის, საუნივერსიტეტო ფონდებისა და კერძო ბიზნესისთვის, რომლებიც ახალ კვლევებში კაპიტალს აბანდებენ, მნიშვნელოვანია გარანტიების მიღება, რომ კვლევების შედეგების უკანონო მითვისება ვერ განხორციელდება და ამ ფაქტორის სამართლებრივი გარანტი არის სწორედ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
აღსანიშნავია, რომ სტუ-ში გამართული პანელური დისკუსია იყო საუკეთესო შესაძლებლობა, რათა შეფასდეს საუნივერსიტეტო კვლევების ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემის აქტუალობა, როგორც ქართული რეალობის გათვალისწინებით, ასევე, უცხოური საუკეთესო გამოცდილებიდან გამომდინარე.
საქპატენტთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ასევე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა, სტუ-ის კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელმა პირებმა და ფაკულტეტების დეკანებმა. პანელურ დისკუსიაში ონლაინ ჩაერთო როჩესტერის უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორი გუვენ იალჩინტასი.

