საქართველო-ევროკავშირის პროექტის – EU4IP-ის მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა
27 ივნისი 2024 წ.
დღეს საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტის – „ინტელექტუალური საკუთრების
უფლებების გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ (EU4IP) მმართველი კომიტეტის
პირველი შეხვედრა გაიმართა.
ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქპატენტის, ევროკავშირის
ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO), ევროპის საპატენტო უწყების (EPO), ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო
სააგენტოს (AGEPI), უკრაინის ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების ეროვნული უწყებისა
(UANIPIO) ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის (EEAS), და ევროკომისიის სამეზობლო
და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეები შეთანხმდნენ მმართველი კომიტეტის საქმიანობის
ზოგად წესებსა და პროცედურებზე, შეაჯამეს პროექტის საწყის ფაზაში განხორციელებული აქტივობები,
განიხილეს საერთო სამოქმედო გეგმის ასპექტები და ზოგადი სტრატეგია, მათ შორის, მხარეთა
შეთანხმების საფუძველზე, დაამტკიცეს პირველი სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურადაა
აღწერილი პროექტის პირველი ფაზის დროს (2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე)
განსახორციელებელი აქტივობები.
უნდა აღინიშნოს, რომ EU4IP ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ახალი რეგიონული პროექტია, რომელსაც წინ უძღოდა ევროკავშირი-საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების შესახებ ერთობლივი სამწლიანი პროექტი (EUGIPP), რომლის ფარგლებში მიღწეული
შედეგების საფუძველზე, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ინიციატივით
გადაწყდა, საქპატენტთან ერთად, მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოსა
(AGEPI) და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების ეროვნული უწყების (UANIPIO)
ჩართულობით ახალი პროექტის განხორციელება.
EU4IP-ის მიზანია ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას,
როგორც ფუნდამენტურ ინსტრუმენტს ინოვაციების, შემოქმედებითი საქმიანობისა და თავისუფალი
კონკურენციისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, რათა მიმზიდველი გახდეს გარემო
საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის, ასევე,
ინვესტიციებისათვის და მათი მცირე თუ საშუალო საწარმოების პოტენციალის გასაძლიერებლად.
აღნიშნული თანამშრომლობა დაეხმარება სამივე კანდიდატ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებასა
და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელთან (EUIPN) მიერთებაში.

