საქპატენტის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „ბიოტექნოლოგიის დარგში გამოგონებების პატენტუნარიანობა და მოქმედების თავისუფლების (FTO) ძიება“
28 ივნისი 2024 წ.
საქპატენტისა და შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) ერთობლივი პროექტის (GESIP) ფარგლებში, საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი -„ბიოტექნოლოგიის დარგში გამოგონებების პატენტუნარიანობა და მოქმედების თავისუფლების (FTO) ძიება“.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული უცხოელი ტრენერი ინგრიდ მიულერი – შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) საპატენტო ექსპერტი.
ტრენინგზე განხილული იყო ბიოტექნოლოგიის დარგში გამოგონებების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო და პატენტუნარიანობის კრიტერიუმები, ასევე დადგენილი გამონაკლისები და შეზღუდვები. შეხვედრაზე ინტერაქციულ რეჟიმში იმსჯელეს ბიოტექნოლოგიის სფეროში მოქმედების თავისუფლების (FTO) ძიების სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს მონაცემთა ბაზები, შესრულდა პრაქტიკული სავარჯიშოები Espacenet, Lens და სხვ. საძიებო სისტემებში, რის შედეგადაც მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა საძიებო სისტემის უპირატესობებსა და თავისებურებებს. ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დნმ-ის თანმიმდევრობების ძიებაზე, აგრეთვე, ბიოტექნოლოგიის დარგში უახლეს ტენდენციებსა და ბაქტერიოფაგების პატენტუნარიანობაზე.
თანამშრომელთა პროფესიული დონის ამაღლებასთან ერთად, საქპატენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია საპატენტო სფეროში ახალი სერვისების დანერგვა და ინტელექტუალური საკუთრების მომხმარებლებისთვის შეთავაზება, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია საქართველოში საპატენტო სისტემების განვითარების მიმართულებით. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და ხორციელდება ტრენინგების ციკლი მოქმედების თავისუფლების (FTO) ძიებაზე სხვადასხვა დარგში.
ბიოტექნოლოგია დარგია, რომელიც ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შესაქმნელად ცოცხალ ორგანიზმებსა და ბიოლოგიურ სისტემებს იყენებს. ეს მოიცავს მედიცინას, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მრეწველობას. ბოლო წლებში ბიოტექნოლოგიის დარგში პატენტების რაოდენობის გლობალურად მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ევროპის საპატენტო უწყების (EPO) სტატისტიკის თანახმად, 2015-2023 წლებში ბიოტექნოლოგიის დარგში პატენტების რაოდენობა 46%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ბიოტექნოლოგიის დარგში მოქმედების თავისუფლების (FTO) ძიების სერვისს განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
კომპანიებისთვის FTO ძიების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას აძლევს მათ, მოიძიონ და გააანალიზონ არსებული პატენტები, რათა თავიდან აიცილონ სხვა კომპანიების უფლებების დარღვევა და პოტენციური სამართლებრივი დავები. შედეგად, FTO ძიების მეშვეობით კომპანიები უკეთესად უზრუნველყოფენ თავიანთი პროდუქციის განვითარებას და კომერციალიზაციას პატენტების დარღვევის რისკის გარეშე.
GESIP არის საქპატენტისა და შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) ერთობლივი პროექტი, რომელიც 2022 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოში ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და გამოყენების სტიმულირების მეშვეობით.
