სოსო გიორგაძემ WIPO-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
12 ივლისი 2024 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ყაზახეთის დელეგაციასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბოტაგოზ ჟაკსელეკოვა, ყაზახეთის იუსტიციის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტის უფროსი შოლპან აბდრიევა და ყაზახეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე აიდინ არტიკოვა, საქპატენტის მხრიდან კი - გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი, მერი მაჭარაშვილი.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ხაზი გაუსვეს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას, რომელზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების პროექტის განხილვის მიზნით უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორივე ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კუთხით იმუშავებს. შეთანხმების ხელმოწერის საფუძველზე საქართველო და ყაზახეთი ნაცვალგების წესით აღიარებს და კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების დაცვას. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ყაზახეთში ინდივიდუალური რეგისტრაციის გზით დასაცავად წარდგენილი აქვს 22 გეოგრაფიული აღნიშვნა (ადგილწარმოშობის დასახელება), მათ შორის მინერალური წყლები, ღვინო და ჭაჭა.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის მომზადებასა და განხორციელებაზე, მათ შორის იმსჯელეს კონფერენციებისა თუ სემინარების ორგანიზების საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების დარგში მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.

