საქპატენტი ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმის - „სთველი“ მხარდამჭერია
10 სექტემბერი 2024 წ.
საქართველოში ყურძნის რთველის დაწყების აღსანიშნავად, ქალაქ თელავში „ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“ გაიმართა. ფესტივალის ჩატარების მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პროდუქციის, კერძოდ კი, ქართული ყურძნისგან დამზადებული გეოგრაფიული აღნიშვნებითა და ადგილწარმოშობის დასახელებებით ნიშანდებული ღვინოების პოპულარიზაცია და მათი სამომხმარებლო კულტურის ამაღლებაა.
საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა, როგორც ღონისძიების მხარდამჭერმა ორგანიზაციამ,
აქტიური მონაწილეობა მიიღო ფესტივალის განხორციელების პროცესში. ერეკლე მეფის მოედანზე
გამართულ გახსნის ცერემონიაზე
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა სიტყვით მიმართა ფესტივალის მონაწილეებს
და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა მდიდარია სხვადასხვა უნიკალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით, მათი წარმოების თვითმყოფადი ტრადიციით, რაც ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოების
ხელშემწყობი პირობაა. ამდენად, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და წარმოჩენის მიზნით
სახალხო ზეიმის მოწყობა ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და რეგიონების ეკონომიკური, კულტურული
და ტურისტული განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.
ღონისძიების ფარგლებში ზეიმზე მოეწყო საქპატენტის კუთხე, სადაც წარმოდგენილი
იყო საექსპოზიციო სტენდი შესაბამისი ბანერითა და გეოგრაფიული აღნიშვნების ამსახველი მასალებით. საქპატენტისთვის განკუთვნილი სივრცის სტუმრებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები, დაინტერესებულ პირებს საქპატენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს კონსულტაცია გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მიმართულებით, ამასთანავე, მიიღეს
მონაწილეობა ფესტივალზე გამართულ სხვადასხვა აქტივობაში. ღონისძიებაში უწყების აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს რეგისტრირებული უნიკალური ქართული პროდუქტების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, პოპულარიზაციას, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მიმართ ინტერესის გაღვივებას და მათი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, ასევე, ამ მიმართულებით საქპატენტის საქმიანობის წარმოჩენასა და საზოგადოებაში უწყების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმზე „სთველი“ დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავდა სხვადასხვა ფორმატს. ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ შეიქმნა „მეფე ერეკლეს ღვინო“ და მათ შორის შეირჩა გამარჯვებული, რომელსაც მიენიჭა საუკეთესო ბლენდის - „მეფე ერეკლეს ღვინოს“ სტატუსი. “მეფე ერეკლეს ღვინო” - ოქრო
2024 - თიკა სვანიძე - ვენკოს მეღვინეობამ მოიპოვა, “მეფე ერეკლეს ღვინო” -
ვერცხლი 2024 - კომპანიამ “ხომ ვაინერი”დაიმსახურა, ხოლო “მეფე ერეკლეს ღვინო” -
ბრინჯაო 2024 - თიკა მეღვინეობას “დემა” ერგო. ღონისძიება მოიცავდა, ასევე, რამდენიმე ადგილზე წარმოებულ ერთი ჯიშის ყურძნის ღვინოების შედარებას, ვერტიკალურ (ერთი კომპანიის მიერ სხვადასხვა წელში გამოშვებული ღვინოების) დეგუსტაციას, შეხვედრებს მეღვინეებთან, რომლებმაც სომელიესთან ერთად განიხილეს და შეაფასეს ზეიმში წარდგენილი ღვინოები. ფესტივალის
ფარგლებში მოეწყო გამოფენა
- გაყიდვა. სტუმრებს დაურიგდათ სპეციალური მოსაწვევი, რომლის საშუალებით
მონაწილეებმა ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმზე ისარგებლეს ექსკლუზიური ფასებით. გარდა ამისა, გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენები. აღსანიშნავია, რომ „სთველის“ ისტორია, ყურძნის დაკრეფა -
დაწურვასთან ერთად, მოიცავს განსაკუთრებული კოსტიუმირებული რიტუალის ჩატარებას, ამ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები.
ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატისა და მისი პარტნიორი კომპანია - ა(ა)იპ-კულტურა მარად ორგანიზებით, ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელდა. საქპატენტთან
ერთად, ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

