საქპატენტის წარმომადგენლები ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა (EUIPO) და კავშირის მცენარეთა ჯიშების უწყების (CPVO) 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
04 ოქტომბერი 2024 წ.
საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშებს დეპარტამენტის
უფროსმა მერი მაჭარაშვილმა და სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის
დეპარტამენტის უფროსმა დარეჯან მჭედლიძემ მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ინტელექტუალური
საკუთრების უწყებისა (EUIPO) და კავშირის მცენარეთა ჯიშების ოფისის (CPVO) 30 წლის
იუბილესადმი მიძღვნილ ერთობლივ სემინარში „ინტელექტუალური საკუთრების ინოვაციისა და
მდგრადობის შესახებ“. ღონისძიება ჩატარდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, ევროკავშირის
ინტელექტუალური საკუთრების ოფისში.
სემინარის მიმდინარეობისას გაიმართა ღია და კონსტრუქციული
დიალოგი მცენარეთა ახალი ჯიშების უფლებების სფეროში დაინტერესებულ მხარეებს შორის
EU4IP პროექტის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის სინერგიების განსაზღვრის მიზნით. ღონისძიების მონაწილეებმა,
ასევე, განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები ინტელექტუალური
საკუთრების სფეროში. ამასთანავე, ყურადღება გაამახვილეს სასაქონლო ნიშნებთან, სავაჭრო
საიდუმლოებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის, საუბარი
შეეხო ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიებსა და გავლენას ერთიან ბაზარზე. გარდა ამისა,
იმსჯელეს ახალი კანონმდებლობის გავლენაზე და
გაყალბებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. საერთაშორისო ექსპერტებმა სემინარის მონაწილეებს
გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები, ცოდნა და გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების
სხვადასხვა სფეროს შესახებ და ისაუბრეს დარგის პოზიტიურ გავლენაზე საზოგადოებასთან
მიმართებაში.
EUIPO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჟოაო ნეგრაომ სემინარზე
განაცხადა: „დღეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ როგორც EUIPO-ს,
ასევე, CPVO-ს 30 წლის იუბილეს. ოცდაათი წელი ეძღვნება თანამშრომლობას, ინოვაციასა
და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ. ბოლო 3 ათწლეულის
განმავლობაში, ინტელექტუალური საკუთრება სავაჭრო ნიშნებიდან და დიზაინიდან დაწყებული
მცენარის ჯიშის უფლებებთან და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან ერთად გადაიქცა კრიტიკულ ინსტრუმენტად
ინოვაციების ხელშეწყობისა და ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად“.
ღონისძიების ფარგლებში
გაიმართა ქართული მხარის ორმხრივი
შეხვედრა კავშირის მცენარეთა ჯიშების ოფისის (CPVO) წარმომადგენელთან, სადაც გამოიკვეთა
სამომავლო თანამშრომლობის თემები მცენარეთა ჯიშების მიმართულებით, კერძოდ, საქართველოსა
და ევროკავშირის მცენარეთა დაცვის სისტემა და მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო,
ასევე, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით,
მხარდაჭერის შესაძლებლობები.


