საქპატენტის მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა“ – 2024 გაიმართა
21 ოქტომბერი 2024 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა–2024“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ფერმერებმა, გლეხებმა, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელმა კომპანიებმა. ფესტივალის მიზანია საუკეთესო ჭაჭის ნიმუშების გამოვლენის გზით, მათი წახალისება-ხელშეწყობა, ასევე,– ქართული ტრადიციული სპირტიანი სასმლის, ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არყის „ჭაჭის“, როგორც დაცული გეოგრაფიული აღნიშვნისა და მისი სასარგებლო თვისებების პოპულარიზაცია.
ღონისძიებაზე საქპატენტი წარმოდგენილი იყო საექსპოზიციო სტენდით, სადაც ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები გაეცნენ გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციისა და დაცვის მექანიზმებს. დაინტერესებულ პირებს კი გადაეცათ საინფორმაციო მასალები.
ფესტივალზე კონკურსის წესით გამოავლინეს საუკეთესო ჭაჭის დამამზადებლები, როგორც ინდივიდუალური ფერმერები და გლეხები, ასევე, მწარმოებელი კომპანიები.
ნომინაციაში „ოქროს ჭაჭა გლეხური – 2024“ გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა ახმეტაში მდებარე ინდივიდუალური საწარმოს „ლაგვანი მარნის“ მიერ გამოხდილი ჭაჭა (რქაწითლისა და მწვანეს ჭაჭა მიღებული ტრადიციული, სამჯერადი გამოხდით); ვერცხლის მედალი გადაეცა სიღნაღის რაიონის ძველ ანაგაში მცხოვრებ თამთა მჭედლიშვილს (რქაწითლის ჭაჭა), ხოლო ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგის მკვიდრის გიორგი ამისულაშვილის მიერ გამოხდილმა ჭაჭამ (რქაწითლისა და მწვანე კახურის ჭაჭა, მუხის კასრში 1 წლის დავარგებული).
კომპანიების მიერ წარმოებული ჭაჭის ნიმუშებს შორის საპრიზო ადგილები განაწილდა შემდეგნაირად: „ოქროს ჭაჭა – 2024“ დაიმსახურა კომპანიამ - „სპირტაურა“ - სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანიდან (რქაწითლის ჭაჭა); ვერცხლის მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა მეღვინეობა „კოლოტი“ ახმეტის რაიონის სოფელ ალავერდიდან (რქაწითლის ჭაჭა, მუხის ტკეჩზე დავარგებული, 20 თვე); ხოლო „ბრინჯაოს ჭაჭა – 2024“ ერგო დათო ჩიხლაძის მარნის ჭაჭას (რქაწითლის, ქისის, ხიხვისა და კახური მწვანეს ჭაჭა, მუხის კასრში 2 წლის დავარგებული). სოფ.: ხირსა, ვეჯინი, მარანი და მაღრანი.
ტრადიციულად გამოვლინდა „კრეატიულობით გამორჩეული მუნიციპალიტეტიც“. წელს ეს წოდება თანაბრად გაინაწილეს თელავის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებმა.
ყოველწლიური ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოში ჭაჭისა და, ზოგადად, გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაციას, მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და, ამ მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს კულტურის პალატის, ტურიზმის განვითარების ასოციაციის, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. საქპატენტთან ერთად, 2024 წლის ჭაჭის ფესტივალის მხარდამჭერი იყო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

