საქპატენტს „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები ესტუმრნენ
10 დეკემბერი 2024 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები ესტუმრნენ. მოზარდების ვიზიტი გასვლითი, შემეცნებითი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა.
მოსწავლეებს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ უმასპინძლა. შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა. სოსო გიორგაძემ მოზარდებთან ინტელექტუალურ საკუთრებაზე, პიროვნების განვითარებაში განათლების როლსა და აუცილებლობაზე ისაუბრა.
მოსწავლეები გაეცნენ როგორც ინტელექტუალური საკუთრების ზოგად საფუძვლებს, ასევე საქპატენტის საქმიანობას, მოისმინეს პრეზენტაციები სასაქონლო ნიშნების, პატენტებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების არსის შესახებ. საქპატენტის თავმჯდომარემ მოსწავლეებს თანამედროვე, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების პოპულარიზაციას, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების, მათ შორის, გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე უნიკალური ქართული პროდუქტების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და დარგის მიმართ ინტერესის გაღვივებას, ასევე, ამ მიმართულებით საქპატენტის საქმიანობის წარმოჩენასა და უწყების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
„მწვანე სკოლის“ მოზარდები საქპატენტს კლასის დამრიგებელთან ირინა გაგოშიძესთან ერთად ესტუმრნენ. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა დაათვალიერეს ორგანიზაციის საგამოფენო სივრცე და მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები, მათ შორის, საქპატენტის პოლიგრაფიაში დაბეჭდილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ საბავშვო ზღაპრები და კომიქსები: „საავტორო უფლებები“, „პატენტები“ და „სასაქონლო ნიშნები“.


