საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ ორგანიზებულ დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
11 დეკემბერი 2024 წ.
საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა დარეჯან მჭედლიძემ საუდის არაბეთის სამეფოში, ქ.რიადში დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „დიზაინის სამართლის შესახებ“ ხელშეკრულების საბოლოო განხილვისა და მიღების მიზნით გაიმართა. ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ორგანიზებით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ დიზაინი განსაზღვრავს პროდუტის საბაზრო ღირებულებას და უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობას, უბიძგებს მომხმარებელს არჩევანისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში პროდუქტის მიმზიდველობითაა განპირობებული.
საქართველოსთან ერთად ხელშეკრულების დასკვნითი განხილვის, შემუშავებისა და მიღების პროცესში, ასევე, აღნიშნული ხელშეკრულების რეგლამენტის შეჯერების პროცესში მონაწილეობდნენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი ქვეყნები. მიღებული ხელშეკრულების მიზანია დიზაინის განაცხადის პროცედურებისა თუ ფორმალობების ჰარმონიზება. საერთაშორისო რეგისტრაციის გაადვილების გზით, დიზაინერებს შესაძლებლობა ეძლევათ მეტად ხელმისაწვდომ და პროგნოზირებად პირობებში დაიცვან საკუთარი ნამუშევარი, როგორც შიდა ბაზარზე, ისე საზღვრებს გარეთ.


