საქპატენტის თანამშრომლებმა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა
18 დეკემბერი 2024 წ.
ქ. პეკინში, ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში (CIPTC) სასაქონლო ნიშნების შესახებ 2024 წლის სასწავლო სემინარი გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) მიერ.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტებმა – ნონა თვაურმა და თეონა პაპაშვილმა, რომლებიც მონაწილეების წინაშე წარდგნენ პრეზენტაციით სასაქონლო ნიშნების სფეროში საქპატენტის გამოცდილებისა და, ამ მიმართულებით, უწყების ბოლოდროინდელი მიღწევების შესახებ.
სემინარის მონაწილეები გაეცნენ ჩინეთის სასაქონლო ნიშნების სისტემის სპეციფიკას, კერძოდ CNIPA-ს სასაქონლო ნიშნის ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია ჩინეთის სასაქონლო ნიშნების სამართლებრივი სისტემის, სასაქონლო ნიშნების, მათ შორის, არატრადიციული ნიშნების, ექსპერტიზის, რეგისტრაციისა და ბათილობის საფუძვლების შესახებ. სემინარის ფარგლებში მოეწყო სასწავლო ვიზიტები CNIPA-ს და სასაქონლო ნიშნების (TMO) ოფისებში, ასევე ადგილობრივ კომპიუტერული პროგრამების კომპანიაში - SOHU.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის გააქტიურება ხელს უწყობს როგორც ორ ქვეყანას შორის, ისე რეგიონში ურთიერთობების გაღრმავებას, რაც, თავისთავად, უზრუნველყოფს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას.
ამ კუთხით, მნიშვნელოვანია საქპატენტსა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მიმდინარე წლის სექტემბერში გაფორმებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში თანამშრომლობის განზრახულობის აქტი. აღნიშნული აქტი ითვალისწინებს მხარეთა მიერ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემების ურთიერთგაცნობის ხელშეწყობას, ასევე, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, გამოცდილებისა და მიმართულების განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაზიარებას.


