საქპატენტმა 5 ახალ უნიკალურ ქართულ პროდუქტს გეოგრაფიული აღნიშვნის და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა
23 დეკემბერი 2024 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ 5 უნიკალურ ქართულ პროდუქტს გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე, გორის ვაშლი, სვანური მარილი, კახური შაშხი და ბოლნისის ახალი კარტოფილი გეოგრაფიულ აღნიშვნებად, ხოლო, შპს იმერული ღვინის ასოციაციის მიერ შემოტანილი განაცხადით, ობჩის ღვინო ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა.
საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია საქპატენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ეს სტატუსები ენიჭება განსაკუთრებულ ქართულ პროდუქტებს. გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია მის წარმოშობის ადგილთან, იქ არსებულ გარემოპირობებთან და, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულ წარმოების ტრადიციულ ცოდნასთან, რაც, საბოლოო ჯამში, ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულსა და უნიკალურს.
უახლოეს მომავალში ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე, განახლდება შესაბამისი ბაზა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ მართულ ლისაბონის ხელშეკრულების რეესტრში. ასევე, საქპატენტი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე შესაბამის ზომებს განახორციელებს და ახალ პროდუქტებზე საერთაშორისო დაცვის გასავრცელებლად მიმართავს ევროკავშირს, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დანართებით გათვალისწინებული გეოგრაფიული აღნიშვნების განახლების თაობაზე. ასევე, მიმართავს შვეიცარიის კონფედერაციას, დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინას, გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ არსებული შეთანხმებებით გათვალისწინებული გეოგრაფიული აღნიშვნების განახლების თაობაზე.
გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება უზრუნველყოფს პროდუქტების დაცვასა და კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ქმნის მყარ საფუძველს სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.


