მარაკეშის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების სიას საქართველო შეემატა
26 დეკემბერი 2024 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) მარაკეშის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების სია განაახლა და მასში საქართველო შეიყვანა. განახლებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ მარაკეშის ხელშეკრულება ძალაში შევა 2025 წლის 26 თებერვლიდან.
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით საქართველო შეუერთდა „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებას (შემდგომ – მარაკეშის ხელშეკრულება).
აღსანიშნავია, რომ მარაკეშის ხელშეკრულება 98 ქვეყანას აერთიანებს და ითვალისწინებს კონკრეტულ საშუალებებს, ადგენს გამონაკლისებს საავტორო და მომიჯნავე უფლებებიდან ექსკლუზიურად კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისათვის, ხელს უწყობს მათთვის ადაპტირებული მასალების შექმნასა და საერთაშორისო გავრცელებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გაღების გარეშე, კერძოდ, ხელშეკრულება მხარეებისგან მოითხოვს საკუთარ კანონმდებლობაში შესაბამისი შეზღუდვებისა და გამონაკლისების იმპლემენტაციას, რათა დაშვებულ იქნეს ნაწარმოებთა რეპროდუცირება, გავრცელება და ხელმისაწვდომობა უსინათლო, მხედველობადაქვეითებულ და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მათ შორის, მათთვის, ვისაც არ შეუძლია ასეთი ნაწარმოების ხელში დაჭერა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 2023 წლის 21 მარტის დასკვნით, საქართველოს მისცა მარაკეშის ხელშეკრულების რატიფიცირებისა და ეროვნულ დონეზე აღსრულების რეკომენდაცია. აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება მოითხოვდა არსებული კანონმდებლობის ცვლილებას. შესაბამისად, მარაკეშის ხელშეკრულება დებულებების გათვალისწინებით, საქპატენტის უშუალო მონაწილეობით მომზადდა და განხორციელდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილება (2023 წლის 15 დეკემბრის კანონი).
მნიშვნელოვანია, რომ მარაკეშის ხელშეკრულების სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის სოსო გიორგაძის ბრძანებით განისაზღვრა, ასევე, დაწესებულებებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, სტატუსის გაუქმებისა და საქპატენტისთვის ინფორმაციის მიწოდების წესი. რაც შეეხება ავტორიზებული პირის ცნებას, მას განსაზღვრავს თავად მარაკეშის ხელშეკრულება და გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ ნებისმიერ პირს, რომლის საქმიანობაც უკავშირდება მხედველობადაქვეითებულ ან კითხვის უნარის არმქონე პირთათვის საგანმანათლებლო და სასწავლო მასალების ადაპტირებასა და ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფას. ავტორიზებულ პირებს უნდა შეეძლოთ ხელმისაწვდომი ფორმატის ასლების გავრცელება არაკომერციული გაქირავების ან ელექტრონული კომუნიკაციის გზით.
მიმდინარე წელს აღნიშნული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საქპატენტს მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის №202-ე საჯარო სკოლამ და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირმა - "ჰერა". შედეგად, საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით 29 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 18 სექტემბერს №202-ე საჯარო სკოლას, ხოლო აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირს ავტორიზებული პირის სტატუსი 24 ოქტომბერს მიენიჭა.


