შეტყობინება საქართველოს პატენტრწმუნებულებს
16 იანვარი 2025 წ.
2024 წლის 15 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ (შემდგომ – კანონი), რომელიც ამოქმედდა 2025 წლის 1 იანვრიდან.
კანონი აწესრიგებს საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, პირის რეგისტრაციასა და მისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, აგრეთვე, განსაზღვრავს საქართველოს პატენტრწმუნებულის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნების, საქმიანობის პრინციპებსა და ძირითად მიზნებს.
კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა სამართლებრივ მდგომარეობას, რომლებსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი მინიჭებული აქვთ ამ კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი ამ კანონის ამოქმედებამდე მიენიჭა, უთანაბრდება ამ კანონით გათვალისწინებულ საერთო სპეციალიზაციის მქონე საქართველოს პატენტრწმუნებულს.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 1-ელი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ (შემდგომ – საქპატენტი), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, უნდა წარუდგინოს განცხადება და დაურთოს შემდეგი საბუთები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფოტოსურათი (ზომა − 3X4);
- მონაცემები სამუშაო ადგილის მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; თუ პირი დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, − მონაცემები დასაქმების ადგილის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ;
- პატენტრწმუნებულის მოწმობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც, კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, შეადგენს 100 ლარს და გადაიხდება საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საქპატენტი დაარეგისტრირებს აღნიშნულ პირს საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში.
აღნიშნული პირები, კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ასევე, ვალდებულნი არიან საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში საქპატენტში წარმოადგინონ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირებმა, რომლებსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი ამ კანონის ამოქმედებამდე მიენიჭათ, კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქპატენტში უნდა წარმოადგინონ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, ხოლო საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში კი – კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული განცხადებისა და დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის საფასურის გადახდის რეკვიზიტები:
საიდენტიფიკაციო კოდი: 203831363
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი (GEL): 707807132
დანიშნულება: საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობის საფასური

